მიჯაჭვულობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Attachment

ძლიერი, ხანგრძლივი ემოციური ურთიერთობა ბავშვსა და მასზე რეგულარულად მზრუნველ მოზრდილს შორის.

სოციალური განვითარება ბავშვსა და დედას, მამას ან სხვა მუდმივ მზრუნველს შორის მჭიდრო ემოციური ურთიერთობების დამყარებით იწყება და ეს განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. ვინაიდან ბავშვებს არ შეუძლიათ თავის გამოკვება და დაცვა, მიჯაჭვულობის ერთ-ერთი ადრეული ფუნქცია მათთვის სიცოცხლის შენარჩუნებაა. ვინაიდან ადამიანები, ცხოველებისგან განსხვავებით, ნაკლებად არიან დამოკიდებულნი ინსტინქტურ მიჯაჭვულობაზე, მათ ბავშვისა და მოზრდილის კავშირების გასამყარებლად უფრო რთული სიგნალები ესაჭიროებათ. ჩვილის მიერ გამოცემული მიახლოება-დაშორების სიგნალები, როგორებიცაა, ღიმილი, ტირილი და ვოკალიზაცია, როგორც ჩანს, თანდაყოლილი ქცევებია, რომლითაც ჩვილი აგებინებს სხვებს, რომ ყურადღება მიაქციონ. მაგალითად, 10 თვის ბავშვი შერჩევით უღიმის მას, ვისზეც სურს გავლენის მოხდენა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ წარმატებული მიჯაჭვულობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩვილის მიერ სიგნალების გამოცემის უნარზე, არამედ მოზრდილის მიერ ამ სიგნალების გარჩევისა და მათზე რეაგირების უნარზეც. ჯონ ბოულბი (1969), ფსიქოანალიტიკოსი, რომელიც ადამიანთა შორის მიჯაჭვულობის განვითარების ყველაზე გავლენიანი თეორეტიკოსია, თვლიდა, რომ მოზრდილებს ამ სიგნალებზე რეაგირების ბიოლოგიურად თანდაყოლილი უნარები აქვთ. ბოულბის თანახმად, სწორედ იმ ინდივიდებს ეჯაჭვებიან ჩვილები, რომლებიც თანმიმდევრულად და სათანადოდ უპასუხებენ მათ სიგნალებს.

ბოულბის თეორიული მოდელი იწყება დაშვებით, რომ ადამიანის ევოლუციის ადრეულ ეტაპებზე გადარჩენა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად შეეძლოთ ჩვილებს მათზე მზრუნველ უფროსებთან სიახლოვის შენარჩუნება. თუმცა, ბევრი სხვა სახეობისგან განსხვავებით, ადამიანის ჩვილები თავად ვერ ახერხებენ მოზრდილებთან ახლოს ყოფნას, რადგან მათ არც სიარული შეუძლიათ, არც ხოხვა და მოზრდილებზე აცოცება. ისინი მხოლოდ იმ სიგნალების (მაგალითად, ტირილის, ღიმილის) იმედად არიან, რომლითაც მოზრდილების ყურადღების მიპყრობას ცდილობენ. ეს სიგნალები კი ეფექტურია, რადგან მოზრდილები მიდრეკილნი არიან მათზე რეაგირებისკენ. ამიტომ ჩვილები იძულებულნი არიან, ყურადღების მოსაპოვებლად მცირე რაოდენობის მოზრდილებზე ფოკუსირდნენ.

მიჯაჭვულობის ფორმირების ფაზები

მიჯაჭვულობის ფორმირება ოთხი თანმიმდევრული ფაზისგან შემდგარი პროცესია.

  • არადიფერენცირებული სოციალური რეაგირება (პირველი 1-2 თვე). ამ დროს ხდება სიგნალების რეპერტუარის ფორმირება, რომელთა შორის ყველაზე ეფექტურია ტირილი. ეს არის პირველი მაგალითი ქცევების ერთობლიობისა, რომელსაც ბოულბი მიჯაჭვულობის ქცევებს უწოდებს და განმარტავს, როგორც ჩვილისთვის კომფორტისა და უსაფრთხოების მომტან ქცევებს მზრუნველ მოზრდილებთან ფიზიკური სიახლოვის უზრუნველყოფის გზით. ღიმილი მეორე სიგნალია, რომელიც მოზრდილის ქცევაზე მძლავრ გავლენას ახდენს. ამ ფაზაზე ჩვილები სწავლობენ, რომ გარკვეული მოზრდილ(ებ)ი რეგულარულად რეაგირებენ მათ სიგნალებზე, რაც მათ კონკრეტული ინდივიდების ცნობის საშუალებას აძლევს.
  • დიფერენცირებული სოციაბილურობა (2-7 თვე). ამ ფაზაზე ქცევა მეტად კოორდინირებული ხდება, ნაკლებად ვარირებს აგზნების დონე, ნაკლებია დისტრესი და უფრო ხანგრძლივად არის ჩვილი ღვიძილის/აქტიურ მდგომარეობაში. ამ პერიოდში ბავშვი სამ რამეს დაისწავლის: (1) რეციპროკულობის კანონს — სოციალურ ურთიერთქმედებებში ადამიანები საპასუხო რეაქციებს ახორციელებენ; (2) მას შეუძლია სხვების ქცევაზე ზემოქმედება კონსისტენტური და პროგნოზირებადი ფორმით; (3) ნდობას, რადგან შეიძლება მშობლების ნდობა — ისინი ნამდვილად რეაგირებენ, როდესაც მიანიშნებენ.
  • მიჯაჭვულობები (7-24 თვე). 7 თვიდან ბავშვები მეტი მონდომებით აპროტესტებენ მშობლების წასვლას, თუმცა მათთვის უფრო და უფრო მისაღები ხდება მიჯაჭვულობის ფიგურისგან შორს ყოფნა. ამ ფაზისთვის, ასევე, დამახასიათებელია უცნობების გამოჩენისას ადრინდელზე მძაფრი რეაქციები. ბოულბისა და ეინსვორსის მიხედვით, ჩვილები იმ ადამიანებს ეჯაჭვებიან, რომლებიც მათ მიერ გამოცემული სიგნალების შესატყვის რეაქციებთან ასოცირდებიან. ამასთან, ამავე ფაზაზე სწავლობენ მოზრდილების სახის გამომეტყველებისა და ბგერების ბუნდოვანი მოვლენებისა და სიტუაციების შესაფასებლად გამოყენებას, რის მიხედვითაც ცვლიან საკუთარ ემოციებსა და ქცევებს.
  • მიზნით მართული პარტნიორობა (24-40 თვე). ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ფაზა, რომლის გამორჩეული მახასიათებელია ის, რომ ბავშვებს უფრო და უფრო მეტად შეუძლიათ იმის დანახვა, რომ მშობლებს აქვთ მიზნები და საჭიროებები, რომლებიც მათთან არ არის დაკავშირებული. ამის შედეგად ისინი სწავლობენ უფროსების მხრიდან რეაგირების გადავადებისთვის საკუთარი ქცევის მორგებას. ასეთი „პარტნიორული“ უნარები შემდგომი ურთიერთობების საფუძველსიც შეიძლება, გახდეს.

მიჯაჭვულობის სტილები

მიჯაჭვულობის ქცევაში არსებული ინდივიდუალური განსხვავებების შესაფასებლად, როგორც წესი, „უცნობი სიტუაციის ტესტს” იყენებენ (Ainsworth et al., 1978). ერთ-ერთ პირველ სტანდარტულ სიტუაციაში ბავშვი სათამაშოებით სავსე უცნობ ოთახში შეჰყავთ. დედის თანდასწრების პირობებში, მას საშუალება აქვს, კარგად შეისწავლოს ოთახი და ითამაშოს. რამდენიმე წუთის შემდეგ ოთახში უცნობი ადამიანი შემოდის, ესაუბრება დედას და უახლოვდება ბავშვს. ამის შემდეგ დედა გადის ოთახიდან და ცოტა ხნის შემდეგ ისევ უკან ბრუნდება. დედა-შვილი ხვდება ერთმანეთს, უცნობი კი გადის. გამოიკვეთა ბავშვების რეაქციების ორი დიდი ჯგუფი: ბავშვების დაახლოებით ორი მესამედი ავლენდა მყარ მიჯაჭვულობას, ხოლო დანარჩენი ერთი მესამედის მეოთხედთან აღინიშნებოდა განრიდებადი რეაქციები, ხოლო დანარჩენთან — რეზისტენტული ანუ ამბივალენტური რეაქციები. მკვლევრებმა (Main & Solomon, 1990) გამოყვეს მეოთხე ჯგუფიც, რომლებიც უცნობის სიტუაციის ტესტში დეზორგანიზებული ანუ ორიენტაციადაკარგული ქცევებით ხასიათდებოდნენ (D პატერნი).

  • მყარად მიჯაჭვული (B პატერნი) ბავშვები ოთახიდან მშობლის გასვლაზე გარკვეული დისტრესით რეაგირებენ, მისი დაბრუნების შემდეგ კი სიახლოვისკენ, კომფორტისა და კონტაქტისკენ ისწრაფვიან და თანდათანობით უბრუნდებიან თამაშს.
  • განრიდებადი (A პატერნი). არამყარად მიჯაჭვული განრიდებადი ბავშვები ინდიფერენტულები ჩანან და შეიძლება აქტიურად აარიდოn თავი მშობელს ან ის სრულიად უყურადღებოდ დატოვონ.
  • რეზისტენტული/ამბივალენტური (C პატერნი).  არამყარად მიჯაჭვული რეზისტენტული/ამბივალენტური ბავშვები ბრაზდებიან და შფოთავენ, როცა მშობელი ოთახიდან გადის. მისი დაბრუნებისას კი ვეღარ მშვიდდებიან და უბრაზდებიან, თუმცა წინააღმდეგობას უწევენ დედას, როდესაც ის მათთან ურთიერთობის სურვილს გამოხატავს.

 ***

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Ainsworth, M. D. S ., Blehar, M. C., Waters, E., & Wall, S. (1978). Patterns of attachment. Hillsdale, NJ: Erlbaum.

Bowlby, J. (1969). Attachment and loss: Vol. 1. Attachment. New York: Basic Books.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

Main. M., & Solomon, J. (1990). Procedures for identifying infants as disorganized/disoriented during the Ainsworth Strange Situation. In M. T. Greenberg, D. Cicchetti, & E. M. Cummings (Eds.), Attachment in the preschool years (pp. 1 21-160). Chicago: University of Chicago Press.

კატეგორია: 
ავტორები: