ატრიბუციის თეორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Attribution Theory

სოციალურ-კოგნიტური თეორია, რომელიც აღწერს ინფორმაციის გამოყენების გზებს, რომელსაც იყენებს სოციალური აღმქმელი მიზეზობრივი ახსნისას.

ატრიბუციული პროცესების სამი ძირითადი თეორია არსებობს.

ჰაიდერის მოქმედების ნაივური ანალიზი

ატრიბუციის თეორიები ფრიც ჰაიდერის შრომებიდან იღებს სათავეს. ჰაიდერი (Heider) თვლიდა, რომ სოციალურ ცხოვრებაში გასარკვევად ადამიანები განუწყვეტლივ ახორციელებენ სოციალური მოვლენების მიზეზობრივ ანალიზს. ისინი დაკვირვებადი მოვლენების საფუძვლად მდებარე კაუზალურ სტრუქტურებს ეძებენ ანუ ადამიანის ბუნებასა და საკუთარი ქცევების მიზეზებში გარკვევას ცდილობენ. ჰაიდერი თვლიდა, რომ ატრიბუციული ანალიზის ძირითადი საკითხი ქცევის მიზეზების ლოკალიზაციის გარკვევაა. სხვა სიტყვებით, ქცევის მიზეზები პიროვნებაში (შინაგანი ანუ დისპოზიციური კაუზალობა) და სიტუაციაში (გარეგანი ანუ სიტუაციური კაუზალობა)  უნდა ვეძებოთ. პიროვნების მდგენელი ჰაიდერისთვის აქტორის ძალის ან უნარ-ჩვევისა (მისივე ტერმინოლოგიით „can“) და მოტივაციის („მცდელობის“) მზარდი კომბინაციაა, რომელიც შემდგომში ორ  — მიმართულებით (ინტენციურ) და რაოდენობრივ (ძალისხმევა) _ კომპონენტად ნაწევრდება. გარემოს მდგენელი რელევანტური გარეგანი ფაქტორებისგან შედგება და ეს, უპირატესად, ამოცანის სირთულეა. ჰაიდერი თვლიდა, რომ მოქმედების ნაივური ანალიზისას აქტორის მიერ გაწეული ძალისხმევა და ქმედითობა ამოცანის სირთულის პროპორციულად იზრდება და ძალის ან უნარ-ჩვევის შესატყვისად კლებულობს.

ჯონსის შესატყვისი დასკვნის თეორია

ჯონსის (Johnes) მიხედვით, შესატყვისი დასკვნა დისპოზიციური დასკვნაა, რომელიც უშუალოდ მოსდევს ან შეესატყვისება სხვა დაკვირვებად ქცევას. შესატყვისი დასკვნის თეორიის მიხედვით, თითოეული ქმედება ალტერნატიულ ქმედებებს ან მოქმედებასა და უმოქმედობას შორის გაკეთებული არჩევანია. აღმქმელი არჩეულ ქცევას იმისდა მიხედვით აანალიზებს, რა ოდენობის არასაზიარო ანუ არაურთიერთგადამფარავი ეფექტი აქვთ არჩეულ და ალტერნატიურ, არარჩეულ ქცევებს. იგი იმასაც აფასებს,  რამდენად ერგება მოცემული ქცევა მის მოლოდინებს ადამიანთა უმრავლესობისა (კატეგორიაზე დაფუძნებული მოლოდინები) და სამიზნე პიროვნებისთვის სასურველი (მიზანზე დაფუძნებული მოლოდინები) შედეგების შესახებ.

კელის ატრიბუციის პროცესების მოდელები

ჰაროლდ კელიმ (Kelley) ჰაიდერის მოსაზრებების ფორმალიზება მოახდინა და კაუზალური დასკვნის პროცესის ორი ზოგადი კლასი გამოყო: ერთ-ერთი მათგანი შეეხება იმას, თუ როგორ მსჯელობენ და მიდიან ადამიანები კაუზალურ დასკვნებამდე ხელთ არსებული ინფორმაციის ზედმიწევნითი და კომპლექსური ანალიზის გზით. მეორე კი ფოკუსირდება იმაზე, როგორ მიდიან სოციალური აღმქმელები ასეთი დასკვნებამდე, როცა მათ ამისათვის არც დრო აქვთ, არც მოტივაცია და არც საკმარისი ინფორმაცია ასეთი შრომატევადი კოგნიტური ანალიზისთვის.

კელის ეკუთვნის მნიშვნელოვანი დაკვირვება, რომ ადამიანები გაურკვეველ, ბუნდოვან პირობებში უფრო ხშირად იყენებენ კაუზალურ ატრიბუციას და მრავალი მოვლენიდან ინფორმაციის დაგროვებითა და კოვარიაციის პრინციპის გამოყენებით ცდილობენ ამ გაურკვევლობასთან გამკლავებას. ისინი პოტენციურ მიზეზებს შედეგებთან აკავშირებენ იმით, რომ მოცემულ ფაქტორს დაკვირვებადი მოვლენის მიზეზად თვლიან, თუ შედეგის არსებობის პირობებში ეს ფაქტორიც მოცემულია, ხოლო არარსებობის პირობებში — არ არის მოცემული. კელი პოტენციური მიზეზების სამ კლასს ასახელებს, ესენია: ადამიანები, ობიექტები და დრო. მაგალითად, თუ აღმქმელი ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის მიმართ განხორციელებული მტრული ქცევის ახსნას ცდილობს, ის, სავარაუდოდ, განიხილავს ასეთ შესაძლებლობებს: ამ პირველი ადამიანის გამო, ხომ არ მოხდა ეს; რეციპიენტი ანუ სამიზნეს რაიმე მახასიათებელმა ხომ არ გამოიწვია, თუ რაღაც იყო ქცევის განხორციელების დროს ან სიტუაციაში ისეთი, რამაც ასეთ ქცევას დაუდო სათავე.

კელის მიხედვით, სოციალური აღმქმელი პოტენციალური მიზეზებისა და შედეგების კოვარიაციის ანალიზისას სამი სახის ინფორმაციას იყენებს. ესენია: (1) განსხვავებულობა, რაც გულისხმობს იმას,  რამდენად დამახასიათებელია ქცევა მოცემული სიტუაციისთვის; (2) კონსისტენტურობა, რაც გულისხმობს იმას, თუ რამდენად ხშირად მეორდება ქცევა მოცემულ სიტუაციაში და (3) კონსენსუსი, რომელიც გვიჩვენებს, სხვა ადამიანებიც ანალოგიურად იქცევიან ამ სიტუაციაში თუ არა.

რა ხდება მაშინ, როდესაც აღმქმელს არ შეუძლია ან არ არის მოტივირებული, რომ ზემოთ აღწერილი სამი სახის ინფორმაციის კომპლექსური ანალიზისთვის საკმარისი ძალისხმევა გაწიოს? კელი თვლის, რომ ასეთ სიტუაციებში აღმქმელები საკუთარ წარსული გამოცდილებისა და ცოდნის იმედად არიან, რომელიც კაუზალურ ძალებთან ურთიერთქმედების შედეგად შეიძინეს. ის მთელ რიგ კაუზალურ სქემებს აღწერს, რომლებიც ისეთ ინფორმაციას ეფუძნებიან, რომლის აქტივირების შემთხვევაში კაუზალური დასკვნების სწრაფად გამოტანის შესაძლებლობა ეძლევათ. აქ შედის მრავალჯერადი აუცილებელი და მრავალჯერადი საკმარისი მიზეზის სქემა, კომპენსატორული სქემა და გრადუირებული ეფექტების სქემა. 

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1. 

კატეგორია: 
ავტორები: