კოგნიტური რუკა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Cognitive Map

კოგნიტური რუკა სივრცითი გარემოს შინაგანი (გონებრივი) რეპრეზენტაციაა, რომელიც ამ გარემოში მოძრაობის დაგეგმვისა და განხორციელების საშუალებას იძლევა.

1930 და 1940-იან წლებში ბიჰევიორიზმის წარმომადგენელმა ფსიქოლოგმა ედვარდ ტოლმენმა თავისი კვლევებით ("Cognitive maps in rats and men," Psychological Review, 1948. 55. 189-208) აჩვენა, რომ ვირთხები ახერხებდნენ სივრცის დასწავლას მისი გამოკვლევის შემდეგ, მაშინაც კი, როცა აღნიშნულ ქცევას ჯილდო არ მოჰყვებოდა და, დასწავლილი გზის დაბლოკვის შემთხვევაში, შეეძლოთ მიზნამდე მისვლა სხვა გზებით. ანუ ვირთხები ისე იქცეოდნენ, თითქოს მათ ჰქონდათ სივრცეში ადგილმდებარეობის ამსახველი კოგნიტური რუკის (ლაბირინთის ზედხედი) მსგავსი რაღაც და გადაადგილებისას, ნაცვლად იმისა, რომ   დაეწყოთ გამოსავლის ძიება ცდის და შეცდომის მეთოდით, აღნიშნულ სივრცით წარმოდგენებს იყენებდნენ.  ტოლმენის  იდეები 1930-იან წლებში, მკაცრი ბიჰევიორიზმის ეპოქის დროს,  საკამათო იყო, მაგრამ დღეს ფართოდ აღიარებულია, რომ ადამიანებსა და ცხოველებს აქვთ სივრცითი წარმოდგენები, რომლებიც ეხმარება მათ მიზანმიმართული ქცევის განხორციელებაში. 

კოგნიტური რუკების ჩამოყალიბება შესაძლებელია ფიზიკური გარემოს დათვალიერებით (viewing), თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სივრცითი წარმოდგენები იქმნება  გარემოს უშუალო შეცნობითა და  მასთან ურთიერთქმედებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები კოგნიტური რუკების ფორმირებისას მიმართავენ მანიპულაციას და გადაადგილდებიან გარემოში, მისი უკეთ შეცნობის მიზნით. ამ პროცესში ძირითადად ჩართულია ვიზუალური (მხედველობითი), ჰაპტური (მიზანმიმართული შეხება) და პროპრიოცეპტული (კუნთების, მყესების, სახსრებისა და ვესტიბულარული აპარატის შეგრძნებები) მოდალობები. ყნოსვითი და აუდიალური მოდალობებიც  ასევე შეიძლება, იძლეოდნენ გარკვეულ სიგნალს გარემოს იმ მახასიათებლების შესახებ, რომლებიც კოგნიტურ რუკებშია ინტეგრირებული.

კოგნიტური რუკების სიზუსტეზე გავლენას ახდენს აღქმის პროცესი. მაგალითად, როცა რაიმე ობიექტამდე მანძილს ვუყურებთ ცალი თვალით ან არ არსებობს სივრცის კონტექსტი, მაგ., კედლები ან სხვა საგნები, მანძილის აღქმა დამახინჯებულია. შესაბამისად, კოგნიტური რუკა, რომელიც გამომდინარეობს ასეთი შეზღუდული აღქმიდან, თავისთავად, ასახავს ამ დამახინჯებულ წარმოდგენებს. კოგნიტური რუკების სიზუსტეს, ასევე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პერცეპტული ორგანიზაციის პროცესი, კერძოდ, პერცპტული დამახინჯება/მიკერძოება (perceptual bias) - დაინახო სივრცითი წერტილი უფრო ოგანიზებულად მოწესრიგებული, ვიდრე ის სინამდვილეშია. 

განასხვავებენ კოგნიტური რუკების ორი სახეს: ეგოცენტრული და ალოცენტრული რუკები.

ეგოცენტრული კოგნიტური რუკის შემთხვევაში სივრცის ორგანიზება ხდება საკუთარ თავთან მიმართებაში. მას სხვაგვარად უწოდებენ მიმართებას „მე-ობიექტი“. ათვლის წერტილი არის საკუთარი თავი და  სივრცეში ობიექტების განლაგება წარმოდგენილია საკუთარი სხეულის მდებარეობასთან მიმართებაში (მარჯვნივ/მარცხნივ, ზემოთ/ქვემოთ,  წინ/უკან და ა.შ.).

ალოცენტრული კოგნიტური რუკის შემთხვევაში სივრცის ორგანიზება ხდება: „ობიექტი-ობიექტი“ მიმართებით  ანუ ნებისმიერი ობიექტის ან მისი ნაწილის სივრცეში ადგილმდებარეობა განისაზღვრება სხვა ობიექტებთან მიმართებაში.

ეგოცენტრული კოგნიტური რუკები უფრო მეტად გვხვდება ცხოველების ნავიგაციაში (Gallistel, C.R., 1990), ხოლო ადამიანების შემთხვევაში თავს იჩენს ტენდენცია, რომ  ინდივიდის ზრდასა და განვითარებასთან ერთად ეგოცენტრული კოგნიტური სქემები ჩანაცვლდეს ალოცენტრული კოგნიტური სქემები (Acredolo, L., 1998). 

       

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Kazdin , A. E., (20..) Encyclopedia of Psychology: 8 Volume Set

გერიგი. რ & ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება. თბილისი, თსუ.

http://www.nmr.mgh.harvard.edu/mkozhevnlab/?page_id=308

კატეგორია: 
ავტორები: