ფრიგიდულობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Frigidity

ფრიგიდულობას ანუ სექსუალურ აპათიას ან სექსუალური ლტოლვის ნაკლებობას, უწოდებენ სექსუალური აქტივობისადმი შემცირებულ ან არარსებულ ინტერესს, სექსუალური კმაყოფილების არარსებობას, ორგაზმის მიღწევის სიძნელეს და მამაკაცებში ერექციის გამოწვევის ან შენარჩენულების შეუძლებლობას. ევროპულ და ჩრდილოამერიკულ მედიცინაში ფრიგიდულობა ხშირად მიიჩნევა გავრცელებულ სექსუალურ აშლილობად. მის ყველაზე ხშირ გამომწვევ მიზეზად სახელდება სტრესი, ფიზიკური გადაღლილობა (ის ასოცირდება უძილობისა და საკვების მონელების პრობლემებთან) ან ურთიერთობაში არსებული პრობლემები (პარტნიორის მხრიდან ემოციური მხარდაჭერის ნაკლებობა). ფრიგიდულობის გამომწვევ მიზეზებად ასევე ასახელებენ ძალიან მკაცრ აღზრდას სექსთან მიმართებაში და ძლიერ რელიგიურობას, სექსის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას, ტრავმულ და ნეგატიურ სექსუალურ გამოცდილებას (როგორიცაა გაუპატიურება, ინცესტი ან ბავშვობაში გადატანილი სექსუალური შევიწროება).

ფრიგიდულობა შეიძლება იყოს პირველადი (თანდაყოლილი) (როდესაც ადამიანს არასოდეს ჰქონია სექსუალური ლტოლვა ან ინტერესი) ან მეორადი (შეძენილი) მდგომარეობა (როდესაც ადამიანს ადრე განუცდია სექსუალური ლტოლვა, მაგრამ ინტერესი აღარ აქვს). მამაკაცებში იმპოტენციამ ან ერექციის ფუნქციის დარღვევამ შეიძლება სექსუალური ინდიფრენტულობა გამოიწვიოს, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათად კლასიფიცირდება, როგორც ფრიგიდულობა. ჩვეულებრივ, ფრიგიდულობაში ქალის მიერ სქესობრივი აქტის დროს ორგაზმის მიღწევის შეუძლებლობას გულისხმობენ; უფრო ხშირად კი ეს ტერმინი გამოიყენება ქალებში ვაგინალური პენეტრაციის ჰეტეროსექსუალური აქტის საპასუხოდ ორგაზმის ან კმაყოფილების არარსებობის აღსაწერად. სიუზან ლაბა კატალდის თანახმად, ტერმინი „ფრიგიდულობა“ მრავალ მნიშვნელობას მოიცავს, მათ შორის, „ვნების ან სითბოს ნაკლებობას, სექსუალობისადმი არანორმალურობამდე მისულ გულგრილობას, ორგაზმის მიღწევის ფიზიკურ შეუძლებლობას. ეს სიტყვა ძირითადად ქალების მიმართ გამოიყენებოდა და ხანდახან ახლაც გამოიყენება“.

ფემინისტური მოძრაობის მეორე ტალღაში ფრიგიდულობის ცნება მკაცრად გააკრიტიკეს. ფემინისტი თეორეტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ქალის ფრიგიდულად გამოცხადება  პატრიარქალური და რეპრესიული სისტემის კიდევ ერთი გამოვლინება იყო; მისი საფუძველი, ზოგიერთის აზრით, იყო მამაკაცი ექიმების მიერ ქალის სექსუალური სურვილის სპეციფიკის არცოდნა; ზოგიერთი ფემინისტი კი მას, უფრო ზოგადად, ჰეტეროსექსუალ მამაკაცთა ფალოცენტრიზმს უკავშირებდა, რომლისთვისაც უცხოა კლიტორალური სიამოვნების ან „ჟუისანსის“ განცდის არაორგაზმული ფორმების მნიშვნელობა. ელიზაბეტ გროსის სიტყვებით, „ეგრეთ წოდებული ფრიგიდული ქალი ის ქალია, ვისი სიამოვნებაც სექსუალური სიამოვნების მამაკაცთა მიერ განსაზღვრულ სტრუქტურაში არ ჯდება“. ლუსი ირიგარეი ამტკიცებდა, რომ ბევრი ქალი მხოლოდ იმიტომ თვლის თავს ფრიგიდულად, რომ ამას ხშირად ეუბნებიან.  ანდრეა დვორკინი კი ფიქრობდა, რომ ფრიგიდულობის ხატი მიზოგინიის უფრო მსუბუქი გამოვლინებაა, ვიდრე ქალის, როგორც ხარბი ნიმფომანიაკის, პორნოგრაფიული სტერეოტიპები: „შესაძლოა, ეს [ფრიგიდულობა] ერთგვარი, თუმცა პერვერსიული, აღიარებაა იმისა, რომ არავის შეიძლება მოსწონდეს ან უნდოდეს ის, რასაც მამაკაცები უშვრებიან ქალებს“.

მეოცე საუკუნის მიწურულს კვლევებმა, რომლებიც „მენტალური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო IV“-ში შეტანილ კლასიფიკაციებს ეყრდნობოდა, აჩვენა, რომ სექსუალური დისფუნქცია უფრო ქალებისთვის არის დამახასიათებელი (43%), ვიდრე მამაკაცებითვის (31%). კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ამ პრობლემას („ფრიგიდულობას“ დღეს ნაკლებად იყენებენ) ბევრი სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს და სხვადასხვაა მკურნალობის მეთოდიც ჰეტერო- ან ჰომოსექსუალურ ურთიერთობაში მყოფი  ქალებისა თუ კაცებისთვის.

იხილეთ, აგრეთვე: ასექსუალობა

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Malti-Duglas, F. (Ed.) (2007), Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale,

Moore, A. “Invention of the Unsexual, Situating Frigidigy in the History of Sexuality and in Feminist Thought”, URL: http://www.h-france.net/rude/rude%20volume%20ii/Moore%20Final%20Version.pdf

კატეგორია: 
ავტორები: