ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Fundamental Attribution Error (FAE)

ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა (აფშ) ადამიანისთვის დამახასიათებელი ორმაგი ტენდენციაა, რომელიც კონკრეტული ქცევის შედეგის ან მიზეზის ძიებისას დისპოზიციური ფაქტორების (ადამიანების დადანაშაულება ან ნდობა) გადაფასებასა და სიტუაციური ფაქტორების (გარემოს დადანაშაულება ან ნდობა) სათანადოდ ვერშეფასებას გულისხმობს. ტერმინი სოციალურ ფსიქოლოგს ლი როსს ეკუთვნის, რომელმაც აჩვენა, რომ ადამიანები, საშუალოდ, დისპოზიციური ატრიბუციისკენ უფრო არიან მიდრეკილნი.

ჯონსისა და კელის ატრიბუციის თეორიების მტკიცებით, როცა ადამიანები უბრალოდ აკეთებენ იმას, რაზეც სიტუაცია მიუთითებს, ლოგიკურია, რომ დისპოზიციური დასკვნები უსარგებლო ხდება. თუმცა ისინი ხშირად ვერ ახერხებენ ქცევაზე სიტუაციის გავლენის სათანადოდ შეფასებას და სათანადოზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ქცევაში ასახულ მყარ პიროვნულ ნიშნებსა და დამოკიდებულებებს. სწორედ ეს არის „შესატყვისობის მიკერძოება“ ან ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა.

მიზეზები

რატომ უშვებენ ადამიანები ატრიბუციის ფუნდამენტურ შეცდომას?  ჰაიდერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ვინაიდან „ქცევა ველის შთანთქმის ტენდენციით ხასიათდება“, აღმქმელები ქცევას იმას მიაწერენ, რაც მათ ყურადღებას მიიქცევს. რადგან ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი, რომ პიროვნების ქმედებები მიიპყრობენ დამკვირვებლის ყურადღებას და არა — ნატიფი სიტუაციური ფაქტორები, კარგი ნიადაგი იქმნება შინაგანი ანუ დისპოზიციური ატრიბუციებისთვის. მკვლევრები ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომის დამატებით თეორიულ ახსნებსაც გვთავაზობენ და აღნიშნავენ, რომ ვინაიდან სიტუაციები, განსაკუთრებით აქტორის თვალით დანახული, შედარებით „უხილავია“ დამკვირვებლებისთვის, მათ, შესაძლოა, არასწორად აღიქვან/დაინახონ სიტუაცია, რომელშიც აქტორი იმყოფება. მათ, ასევე, შეიძლება არარეალური მოლოდინები ჰქონდეთ იმის თაობაზე, როგორ უნდა მოქმედებდეს სიტუაცია აქტორის ქცევებზე ან თავად ქცევა ჩათვალონ იმაზე განსხვავებულად, ვიდრე სინამდვილეშია. ნებისმიერი დასახელებული შეცდომის შედეგად აღმქმელი დისპოზიციურ ფაქტორებს უფრო მეტ წონას მიანიჭებს, ვიდრე სიტუაციურს. და ბოლოს, აღმქმელი, შესაძლოა, სულაც არ იყოს მოტივირებული ან არ ჰქონდეს უნარი, რომ ჩაასწოროს სპონტანური, ძალისხმევის გარეშე გაკეთებული დისპოზიციური ატრიბუციები.

შედეგები

ატრიბუციის ფუნდამენტურ შეცდომას აქვს როგორც უარყოფითი, ისე დადებითი შედეგები. დადებითი მხარე ისაა, რომ ის სასარგებლო ევრისტიკაა, რომელიც დროისა და ენერგიის ეკონომიას გვიკეთებს, სოციალურ გარემოზე კონტროლის განცდას გვიქმნის და რეალურად შეუძლია, ბუნებრივ გარემოში ქცევის უკეთეს პროგნოზამდე მიგვიყვანოს. ამრიგად, ეს არის „შეცდომა“, რომელსაც ყოველთვის არ მივყავართ შეცდომამდე. თუმცა, ცხადია, არსებობს უარყოფითი მხარეც. თუ დავიჯერებთ, რომ ადამიანების ქცევის ძირითადი მიზეზები მხოლოდ მათშია, სოციალური აღმქმელი სრულიად ინდიფერენტული შეიძლება გახდეს ისეთი სიტუაციების მიმართ, როგორებშიც არიან, მაგალითად, უსახლკაროები, შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის (შიდსის) მქონე ადამიანები და სხვა ჯგუფები, რომლებიც ვერ სარგებლობენ საზოგადოებაში მცხოვრებთა უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი პრივილეგიებით.

თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ატრიბუციის ფუნდამენტურ შეცდომას თავისი შეზღუდვები აქვს. აღმქმელებისგან ნაკლებად არის მოსალოდნელი ამ შეცდომის დაშვება, თუ მათ ფარული მოტივების არსებობის ეჭვი უჩნდებათ, პასუხისმგებლობას გრძნობენ და ანგარიშვალდებულნი არიან საკუთარ დასკვნებზე ან უაღრესად მოტივირებულნი არიან, რომ ინფორმაცია გულდასმით და მართებულად გადაამუშაონ.

მაგალითი

დავუშვათ, თქვენს მეგობარს შეუთანხმდით, რომ შვიდ საათზე შეხვდებოდით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. ახლა უკვე რვის ნახევარია და ის ჯერ კიდევ არ გამოჩენილა. როგორ ახსნიდით ამ ფაქტს? სავარაუდოდ, ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული ახსნა გექნებოდათ: (ა) დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა, რის გამოც ვერ შეძლო დროულად მოსვლა და (ბ) რა ნელია, არ შეუძლია, ცოტა აუჩქაროს? ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა იქნებოდა პირდაპირ იმის დაშვება, რომ თქვენი მეგობარი მხოლოდ იმიტომ იგვიანებს, რომ ნელია და არც კი გაიფიქრებს, რომ ცოტა აჩქარდეს, რათა არ გალოდინოთ.

***

გამოყენებული ლიტერტურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1. 

კატეგორია: 
ავტორები: