სამთავრობო ინოვაცია და ინოვაციების დიფუზია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Governmental Innovations and Innovation Diffusion

სამთავრობო ინოვაციების ახსნა ეფუძნება ინდივიდუალურ, მარკეტინგულ და ორგანიზაციულ კვლევებს. შესაბამისად, სამთავრობო ინოვაციების საკითხის შესწავლით დაკავებულ მკვლევართა უმრავლესობა იყენებს როგორც ინდივიდის ინოვაციური ქცევების შესწავლის შედეგად მიღებულ დასკვნებს (მაგალითად, მასწავლებელთა მიერ სწავლების ახალი მეთოდის დანერგვა), ასევე დაკავებულია ახალი პროდუქციის გაყიდვების განმაპირობებელი ფაქტორების შესწავლის შედეგების განზოგადებით და, ამავდროულად, ინტერესდება ორგანიზაციული ინოვაციების ამხსნელი თეორიებით. სწორედ ამიტომ სამთავრობო ინოვაციების ახსნა მრავალგანზომილებიანი პროცესია და, ხშირ შემთხვევაში, მოითხოვს სხვადასხვა ჭრილიდან განხილვას.

დღეს სამთავრობო ინოვაციების შესწავლით დაკავებულ მკვლევართა ერთი ნაწილი აქტიურად ანხორციელებს კროსნაციონალურ კვლევებს და აანალიზებს სხვადასხვა სახელმწიფოში ამა თუ იმ ინოვაციური პროგრამების დანერგვისა და გავრცელების პრაქტიკას (ინოვაციების დიფუზიები). მკვლევართა ნაწილისთვის შესწავლის ძირითადი თემა ხდება ინოვაციების დანერგვა ადგილობრივ დონეზე. თუმცა, აღიარებულია, რომ იმ კვლევათა უმრავლესობა, რომელიც ინოვაციების ადგილობრივ დონეზე დანერგვისა და განხორციელების საკითხით ინტერესდება, ძირითად აქცენტს აკეთებს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე, ისევე როგორც ნაციონალური მთავრობების ურთიერთმიმართებაზე საერთაშორისო სისტემასთან და ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიცაა ევროპის ეკონომიური საზოგადოება. საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაში გადამწყვეტია კითხვა, რა ფაქტორები ზემოქმედებს ინოვაციური პროგრამების გავრცელებასა და დანერგვაზე იმ პირობებში, როცა სახეზეა კონკურენცია ფედერალურ სისტემაში შემავალ შტატებს შორის აშშ-ს მაგალითზე? ძირითადი კითხვა  ისაა, თუ რა უზრუნველყოფს ინოვაციის გავრცელებას მრავალდონიან პოლიტიკურ სისტემებში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საინტერესოა განვიხილოთ დიფუზიის მოდელი, რომლის თანახმად ინოვაციური პროგრამებისა და პროექტების გავრცელებას განაპირობებს სხვა შტატში, სახელმწიფოსა თუ რეგიონში აღნიშნული ინოვაციების დამტკიცება და განხორციელება, რაც იძლევა ინოვაციების გავრცელების საშუალებას. აღნიშნული მოდელის მიხედვით, ინოვაციების გავრცელება სამი მიზეზითაა განპირობებული:

პირველი მიზეზი თავად ინოვაციის შედეგად მიღებულ წარმატებებსა და მნიშვნელოვან გაუმჯობესებას უკავშირდება. შესაბამისად, ინოვაციები ვრცელდება იმის გამო, რომ ინოვაციების ინიციატორებს სურთ ანალოგიური პოზიტიური შედეგების უკვე საკუთარ შტატში, სახელმწიფოში, თუ რეგიონში იხილონ და სწორედ ამის გამო დაკავებული არიან ინოვაციური პროგრამებისა და პროექტების გავრცელებით.

მეორე მიზეზი, რომელიც ძირითადად შეერთებული შტატების მაგალითიდანაა  აღებული, უკავშირდება შტატებს შორის კონკურენციას. იმ მოტივაციით, რომ არ ჩამორჩნენ სხვა ინოვატორულ შტატებს და იქ აპრობირებული ახალი ინოვაციური მიდგომების შედეგად შექმნილი საზოგადოებრივი სარგებელის შედეგად არ მოხდეს საკუთარი შტატიდან მოსახლეობის მასიური გადინება, შტატების ხელმძღვანელობა იძულებული ხდება გაატაროს ანალოგიური ინოვაციური პოლიტიკა. ასე მაგალითად, შტატები იძულებული ხდებიან საკუთარ მოსახლეობას შესთავაზონ ახალი ინოვაციური ეკონომიური ინიციატივები, რათა მათ არ გაუჩნდეთ ანალოგიური პოლიტიკის შემომთავაზებელ სხვა შტატში გადასვლის სურვილი.

მესამე მიზეზი, რომლის გამოც შტატი იმ ინოვაციების გამტარებელი  ხდება, რომელიც სხვა შტატშია დამტკიცებული, უკავშირდება ფართო საზოგადოებრივ ზეწოლას. საქმე ისაა, რომ ინფორმაცია სხვა შტატებში დამტკიცებული და განხორციელებული ინოვაციური პოლიტიკის კურსების შესახებ ადვილად ვრცელდება მოსახლეობაში და აჩენს ანალოგიური პოლიტიკის საკუთარ შტატში დამტკიცების მოთხოვნას. აღნიშნული ფაქტორის ზემოქმედება განსაკუთრებით იზრდება საარჩევნო ციკლის მოახლოებასთან ერთად. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მედიას უკავია უმნიშვნელოვანესი როლი დიფუზიის პროცესში და ის, თუ რა ფორმითა და მტკიცებულებებით იქნება გაშუქებული ესა თუ ის ინოვაციური პროგრამა, სწორედ მედიაზეა დამოკიდებული.

გარდა ინოვაციების დიფუზიური მოდელისა, რომელიც ხსნის ინოვაციების გავრცელების გარე ფაქტორებს, ასევე არსებობს ინოვაციების დანერგვის შიდა ფაქტორების საფუძველზე ახსნის მცდელობები. თუმცა, ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი ზეწოლა კეთდება ინოვაციების განმაპირობებელ ინდივიდუალურ ფაქტორებზე. ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდება დაშვებაზე, რომლის თანახმად, რაც უფრო მაღალია პიროვნების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი (განათლების, შემოსავალი და ა.შ), მით მეტ მიდრეკილებას ამჟღავნებს ის ინოვაციების მიმართ, ვიდრე დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მატარებელი პიროვნება. ამ დაშვების საფუძველზე, განათლების მაღალი დონის მატარებელი ადამიანი უფრო ღიაა ახალი იდეებისა და ინოვაციური პრაქტიკების დანერგვის მიმართ, მაღალი შემოსავლებისა და კაპიტალის მქონე ადამიანი გაცილებით იოლად დებს თანხებს ინოვაციურ პროექტებში, რადგან აქვს მეტი რესურსი ინოვაციების წარუმატებლობის შემთხვევაში არსებული რისკების გასაკონტროლებლად.  ანალოგიური დაშვებები ასევე აქტიურად გამოიყენება ორგანიზაციულ დონეზეც. დიდი ზომისა და რესურსების მქონე ორგანიზაციები გაცილებით მეტად ამჟღავნებენ ინოვაციების მიმართ დადებით დამოკიდებულებას, ვიდრე მცირე ზომისა და რესურსების მქონე ორგანიზაციები. მსგავსი სწორხაზოვანი დაშვებების გარდა, არსებობს ასევე დაშვება, რომლის თანახმად, ორგანიზაციის ინოვაციურობა დამოკიდებულია ინოვაციის განხორციელებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობების ხარისხზე, რაც, ერთი მხრივ, იზომება მოტივაციის ხარისხით იყოს ინოვაციური, მეორე მხრივ კი, ხელმისაწვდომობით რესურსებზე, რომელიც ინოვაციის განხორციელებასთან დაკავშირებულ წინააღმდეგობის დაძლევას უზრუნველყოფს (Mohr, 1969). ასევე გასათვალისწინებელი ხდება ისეთი ფაქტორების მნიშვნელობა, როგორიცაა არსებული პოლიტიკური გარემო და გარე აქტორთა მხრიდან მხარდაჭერის ხარისხი. საქმე ისაა, რომ იმ შტატებში, სადაც დიდია ფუნდამენტალისტი მოსახლეობის წილი, მხარდაჭერის მოპოვება აბორტის მხარდასაჭერი პოლიტიკის კურსების მიმართ, საკმაოდ რთულდება, ხოლო სკოლების თავისუფალი შერჩევის რეფორმა ნაკლებადაა მხარდაჭერილი ისეთ შტატებში, სადაც მაღალია მასწავლებელთა პროფკავშირები. გარდა ამ ფაქტორებისა, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების ზოგად იდეოლოგიურ პრეფერენციებს და ლიბერალურ-კონსერვატიულ განწყობას, რაც განსაზღვრავს არჩევანს რადიკალური და ინკრიმენტალური ცვლილებების მიმართ. 

სამთავრობო ინოვაციების მხარდაჭერის ხარისხის დასადგენად, ამერიკელმა მეცნიერმა ფრენსის ბერიმ (1994) შეერთებულ შტატებში შტატებს შორის ინოვაციური პოლიტიკის კურსების სხვა შტატებში გავრცელებისა და დამტკიცების ალბათობის დასადგენად შეიმუშავა მოდელი, რომელიც ქვევით შემოთავაზებულია განტოლების სახით:

დამტკიცება i,t = ƒ(მოტივაცია i,t, რესურსები/წინააღმდეგობები i,t, სხვა პოლიტიკები i,t, გარე ფაქტორები i,t).

აღნიშნულ განტოლებაში ანალიზის ერთეულად აღებულია ამერიკული შტატი, უფლებამოსილი დაამტკიცოს კონკრეტული ინოვაციური პოლიტიკის კურსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში (t);  i,t -ში იგულისხმება, შტატი i-ის მიერ ინოვაციური პოლიტიკური კურსის t-წელს დამტკიცების ალბათობა. შესაბამისად, აღნიშნულ განტოლებაში დამოკიდებული ცვლადია ინოვაციური პოლიტიკის კურსის დამტკიცების ალბათობა, რაც დამოკიდებული ხდება შემდეგ ცვლადებზე :

მოტივაცია  - იგულისხმება შტატი i-ის ოფიციალური პირებისა და საზოგადოების მზადყოფნა და მოტივაცია, მოხდეს ინოვაციური პოლიტიკის კურსის დამტკიცება t-წელს. 

რესურსები/წინააღმდეგობები -  იგულისხმება ის წინააღმდეგობები, რაც ექმნება შტატი i-ის ინოვაციური პოლიტიკის კურსის დამტკიცებაში და ის რესურსები, რომელიც გააჩნია შტატს მათ დასაძლევად. აღნიშნული ცვლადი მოიცავს ისეთ ინდიკატორებს, როგორებიცაა შტატის ეკონომიური პოტენციალი, პროფესიონალი კადრების რაოდენობა და ა.შ. 

სხვა პოლიტიკები -  იგულისხმება შტატ i-ში ისეთი პოლიტიკის კურსების არსებობა/არარსებობა, რომლებიც თანხმობაშია შემოთავაზებულ ინოვაციურ პოლიტიკის კურსთან. რაც უფრო თავსებადია ინოვაციური პოლიტიკის კურსი შტატში მოქმედ რეგულაციებთან, მით მეტია ალბათობა, რომ ინოვაციური პოლიტიკის კურსი დამტკიცდეს. 

გარე ფაქტორები - იგულისხმება მანამდე სხვა შტატებიდან ინოვაციური პოლიტიკის კურსების გადმოტანის გამოცდილების არსებობა/არარსებობა, რითაც იზომება მორიგი ინოვაციური პოლიტიკის კურსის დამტკიცების ალბათობა. რაც უფრო მაღალია სხვა შტატებიდან ინოვაციური პოლიტიკის კურსების გადმოტანის შემთხვევები, მით მეტია ალბათობა, რომ იქნეს დამტკიცებული მორიგი ინოვაციაც.

აღნიშნული განტოლება, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების მაგალითზეა შემუშავებული, საკმაოდ ადვილად შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ინოვაციების გავრცელების ალბათობის დასადგენად სხვა ქვეყნების ან გაერთიანებების მაგალითზეც. იმ შემთხვევაში, თუკი დაკვირვების ერთეული სახელმწიფოა, მაშინ შესაძლებელია ამ განტოლების საფუძველზე ერთ საარჩევნო ოლქში ან რეგიონში აპრობირებული ინოვაციური პროექტის სხვა რეგიონებსა და ოლქებში გავრცელების შესაძლებლობაზე მსჯელობა, ხოლო თუკი საუბარია გაერთიანებებზე, მაშინ გაერთიანებაში შემავალ ერთეულებში ინოვაციების დიფუზიის კვლევა. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: