ჰომოსექსუალობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Homosexuality

„ჰომო“ ბერძნული სიტყვაა და „იგივეს“ აღნიშნავს, სექსუალობასთან კომბინაციაში კი (ჰომო-სექსუალობა) ერთი სქესის მქონე ადამიანებს შორის სიყვარულს, ლტოლვასა და სექსუალურ კავშირს გულისხმობს.  ჰომოსექსუალობა, როგორც ცნება, პირველად 1869 წელს გერმანულ პამფლეტში გამოჩნდა; შემდეგ კი, 1886 წლიდან, გერმანელმა სექსოლოგმა რიჩარდ კრაფტ-ებინგმა დაიწყო მისი კვლევა. მართალია, მე-19 საუკუნის სექსოლოგია ჰომოსექსუალობას ადამიანის სექსუალური ქცევის ვარიაციად განიხილავდა, მაგრამ მას ბრალი მიუძღვის ჰომოსექსუალობის პათოლოგიზებაში. ჰომოსექსუალური ქცევის და ამ ქცევის მქონე ადამიანთა სამედიცინო კვლევამ, ერთი მხრივ, ხელი შეუწყო ჰომოსექსუალობის „ცოდვის“ სფეროდან მეცნიერების სფეროში გადანაცვლებას, მაგრამ, მეორე მხრივ, საფუძვლად დაედო ჰომოსექსუალობის დაავადებად აღქმასაც. ჰომოსექსუალობა ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ დაავადებათა სიიდან 1974 წელს ამოიღო.

ხშირად ჰომოსექსუალობა არა მხოლოდ სექსუალური ქცევისა და სურვილის, არამედ ადამიანის იდენტობის აღსაწერად გამოიყენება და საკუთარი სქესის ადამიანის მიმართ მდგრად ემოციურ და სექსუალურ ლტოლვას აღნიშნავს. ამ მნიშვნელობით, ჰომოსექსუალობა შეიძლება გავიგოთ, როგორც სექსუალური ორიენტაციის ერთ-ერთი ნაირსახეობა (ჰეტეროსექსუალობასა და ბისექსუალობასთან ერთად). ჰომოსექსუალობის ეს განმარტება ესენციალისტურია და ეფუძნება დაშვებას, რომ ადამიანის სექსუალურ ქცევებსა და სურვილებს შინაგანი ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური სტრუქტურა განსაზღვრავს და აწესრიგებს. მის მიხედვით, ჰომოსექსუალობა მდგრადია და უცვლელი. დღეს ლგბტ ადამიანთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი სექსუალური ორიენტაცია ბიოლოგიურად არის განსაზღვრული. ჰომოსექსუალობის ესენციალისტური გაგება ლგბტ უფლებათა დამცველთათვის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი იარაღია, ვინაიდან ადამიანის თანდაყოლილი ნიშნის საფუძველზე ჩაგვრის უსამართლობაზე აპელაცია ყველაზე ეფექტურია. არსებობს მრავალი კვლევა, რომლებიც ჰომოსექსუალობის უცვლელობასა და ბიოლოგიურად დეტერმინირებულობას ადასტურებს. მაგალითად, ზოგიერთი მკვლევარი მონო და დიზიგოტური ტყუპების კვლევის საფუძველზე ამტკიცებს, რომ ჰომოსექსუალობას გენეტიკური საფუძველი აქვს. გარდა ამისა, ზოგიერთი მკვლევარი იმასაც ამტკიცებს, რომ ჰომოსექსუალი კაცების ტვინის აგებულება ჰეტეროსექსუალი კაცების ტვინისაგან განსხვავდება.

მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან ჰომოსექსუალობის ესენციალისტურ გაგებას სექსუალობის კონსტრუქტივისტული ხედვა დაუპირისპირდა. სოციალური კონსტრუქტივიზმის მიხედვით, სექსუალური კატეგორიები და სექსუალობის ჰომო და ჰეტეროსექსუალობად დაყოფა ახალი დროში, უფრო კონკრეტულად, მე-19 საუკუნეში წარმოშობილი მოვლენაა და ისტორიული, კულტურული და პოლიტიკური გარემოებების შედეგია. კონსტრუქტივისტი მკვლევრები სწავლობენ სხვადასხვა კულტურას და ისტორიულ პერიოდს, რომლებშიც ჰომოსექსუალური პრაქტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ჰომოსექსუალობის თანამედროვე გაგებისგან. მაგალითად, დევიდ ჰალპერინი კლასიკური ათენის მაგალითზე ამტკიცებს, რომ კლასიკურ ათენში სექსუალური ქცევა სოციალური სტატუსის მიხედვით იყო ორგანიზებული. ეს ნიშნავს, რომ სექსუალური როლები ნაწილდებოდა დომინანტურად და რეცესიულად პარტნიორთა სოციალური სტატუსის და არა - მათი სქესის მიხედვით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კლასიკურ ათენში ჰომოსექსუალური პრაქტიკა ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ჰომოსექსუალობისა და ჰეტეროსექსუალობის თანამედროვე ცნებები ამ პრაქტიკებს ადეკვატურად ვერ აღწერს.

მიუხედავად ამ უთანხმოებებისა, ესენციალისტი და კონსტრუქტივისტი მკვლევრები თანხმდებიან სექსუალობის მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობის თაობაზე. თუმცა, მაშინ, როდესაც ესენციალისტური მიდგომა სოციუმში არსებულ სექსუალურ კატეგორიებს (ჰომოსექსუალობა და ჰეტეროსექსუალობა) ბუნებრივ მოცემულობად აღიქვამს, კონსტრუქტივისტებს ასეთ კატეგორიზების ჭეშმარიტებაში, არაისტორიულობასა და სოციალური გავლენისგან თავისუფლებაში ეჭვი შეაქვთ.

იხილეთ, აგრეთვე: ჰომოეროტიკულობა, ჰომონომრატიულობა

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Halperin D. M. (1989), Is There a History of Sexuality? History and Theory, vol. 28, No. 3, pp. 257-274

გაბუნია, შ., ვაჭარაძე, ი. (2013), შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში, იდენტობა, თბილისი.

Malti-Douglas F. (2007), Encyclopedia of Sex and Gender, vol. 2, Thomson Gale. 

კატეგორია: 
ავტორები: