ლუს ირიგარე

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Luce Irigaray

ლუს ირიგარე (დაბ. 1930) პარიზში მოღვაწე ბელგიელი ფილოსოფოსი, ფემინისტი თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი ფსიქოანალიტიკოსია. ირიგარე, ელენსიქსუსთან და იულია კრისტევასთან ერთად, მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულების ფრანგული ფემინიზმის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია.

ფროიდის სკოლის წევრი, ჟაკ ლაკანის მოსწავლე და მიმდევარი, ირიგარე ლაკანის წრიდან გააძევეს და  ლაკანისვე რეკომენდაციით უნივერსიტეტიდანაც დაითხოვეს მას შემდეგ, რაც 1974 წელს მან ესე „სხვა ქალის სარკე“ (Speculum de l’autre femme) გამოაქვეყნა. ფსიქოანალიზის ამ ტექსტში წარმოდგენილმა კრიტიკამ სერიოზული უთანხმოება გამოიწვია ლაკანის სკოლაში. მისი შემდეგი მნიშვნელოვანი პუბლიკაცია იყო ესეების კრებული „ეს სქესი, რომელიც არ არის ერთი“ (Ce Sexe qui n'en est pas un, 1977). ამ კრებულში დაბეჭდილი ამავე სახელწოდების ესე ფემინისტური თეორიის ნამდვილი კლასიკაა და ფემინისტური თეორიის თითქმის ყველა ანთოლოგიაშია გადაბეჭდილი.

ირიგარეს შემოქმედების მნიშვნელოვანი თემებია ფსიქოანალიზის კრიტიკა, ფალოგოცენტრიზმის კრიტიკა, ქალის სექსუალობის განდევნა ფალოგოცენტრული სიმბოლური წესრიგიდან, ქალის სექსუალობის მრავლობითობა და მისი კავშირი დედობრივ საწყისთან.

ფალოგოცენტრიზმის კრიტიკის კონტექსტში ირიგარე ამტკიცებს, რომ სურათი, რომლის მიხედვითაც დასავლური აზროვნება კაცის, „როგორც ერთისა და ერთადერთის“ (გონების) და „ქალის“, როგორც მისი საპირისპიროსი და ნეგატიურის (სხეულის, მატერიის) პოლარულ ოპოზიციას ემყარება, არასწორია. სინამდვილეში ქალი ცივილიზაციიდან, ენიდან, სიმბოლური წესრიგიდან სრულიად განდევნილია. ქალი, როგორც ის „წარმოდგენილია“ ამ სიმბოლურ წესრიგში,  ქალი კი არ არის,  კაცის სხვა მხარეა. ამასთან, ქალის „დაბრუნება“ ან „ჩართვა“ სიმბოლურ წესრიგში შეუძლებელია, ეს პროექტი წინააღმდეგობრივი და განუხორციელებელია, რადგან  თვითონ წესრიგის არსებობა ემყარება მისგან ქალის განდევნას, ის არსებითად ანდროცენტრულია, მხოლოდ ერთი ტიპის სუბიექტის - მასკულინური, ერთეული სუბიექტის აღიარება შეუძლია. ირიგარეს აზრით, აუცილებელია, ქალებმა შეძლონ დედობრივთან, საწყისთან თავიანთი მიმართების ახლებურად წარმოდგენა. მათი სუბიექტურობა და სექსუალობა მრავლობითობას, ერთი ცენტრის არარსებობას, მომიჯნავეობასა და ურთიერთშეღწევადობას ემყარება. ირიგარესთვის შეუღწევად, იზოლირებულ მასკულინურ ერთთან ქალური „მრავლის“ დაპირისპირების მეტაფორაა ქალის „ორი ბაგე“.

ირიგარეს ტექსტები მნიშვნელოვანი წყაროა განსხვავების ფემინიზმისათვის. ზოგიერთი თეორეტიკოსი ირიგარეს ესენციალიზმის გამო აკრიტიკებს. თუმცა ფემინისტ თეორეტიკოსებს შორის დავაა იმის შესახებ, მართლაც ესენციალისტურია თუ არა სქესობრივი განსხვავების ირიგარესეული თეორია.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Khader, S., Hom, S., Rawlinson M., Thinking with Irigaray. Albany: State University of New York Press, 2011. (SUNY Series in Gender Theory)

Lorraine Code (ed.), Encyclopedia of feminist theories

კატეგორია: 
ავტორები: