ნაციონალიზმი და გენდერი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Nationalism and Gender

გენდერის მკვლევართა დიდი ნაწილის აზრით, „ყველა ნაციონალიზმი გენდერირებულია“ (McClintock, 1993, გვ 61). ნაციონალისტური იდეოლოგიები, რომლებიც მიზნად ისახავენ ერის საზღვრების გავლებას მიკუთვნლებულობის მრავალფეროვანი კრიტერიუმების საფუძველზე (მოქალაქეობა, ეთნიკური წარმოშობა, კულტურული მიკუთვნებულობა, რელიგიური აღმსარებლობა და სხვა), დიდ როლს ასრულებენ ფემინურობისა და მასკულინურობის (თუ ქალურობისა და მამაკაცურობის) ნორმების განსაზღვრაში ერის წევრებისათვის (Mosse 1985: 1). ამრიგად, როგორც ნაცია, ისე გენდერი სოციალური და ისტორიული კონსტრუქტებია, რომლებიც ერთმანეთის ჩამოყალიბებაზე ახდენენ გავლენას.

ნირა იუვალ-დევისი (1998) ნაციონალისტურ პროექტებში ქალების მონაწილეობის რამდენიმე კომპონენტს გამოყოფს:

  • ქალები, როგორც ერის „გამამრავლებლები“: ნაციონალისტურ პროექტებში ქალებს ხშირად ეკისრებათ ერის ბიოლოგიური რეპროდუქციის ფუნქცია. ამრიგად, ნაციონალისტური პროექტებისათვის ქალის, როგორც დედის, როლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
  • ქალები, როგორც ეროვნული კულტურის / ტრადიციების მომდევნო თაობებზე გადამტანები: ნაციონალისტური იდეოლოგიები და პროექტები ქალებს, როგორც დედებს, აკისრებს ვალდებულებას მომავალ თაობებს გადასცენ ნაციონალური კულტურა, ერის შესახებ არსებული ნარატივები, ეროვნული კოლექტივის წეს-ჩვეულებები და ტრადიციები.
  • ქალები, როგორც ერის სიმბოლური რეპრეზენტატორები: ნაციონალისტურ პროექტებში ხშირად ხდება ქალის, როგორც კოლექტიური იდენტობისა და ღირსების სიმბოლური მატარებლის წარმოდგენა. ქალის ფიგურა, რომელიც უმეტესად დედაა, კოლექტივის ერთობის და ერის სიმბოლური აღმნიშვნელია, მაგალითად, დედა რუსეთის, დედა ირლანდიის, თუ  ქართლის დედის ფიგურები.
  • ქალები, როგორც ეთნიკური / ეროვნული საზღვრის აღმნიშვნელები: ქალებისათვის, ეროვნული იდენტობის სიმბოლური რეპრეზენტაციის ვალდებულება, ქალს, ასევე ერის ღირსების მატარებლად აქცევს. მეტაფორულად ქალის სხეულის საზღვარი ერის სიმბოლურ საზღვართან ასოცირდება. ამრიგად,  ნაციონალისტურ დისკურსებში ხშირად ვხდებით მეტაფორებს, რომლებშიც ქალის სხეულის „დაპყრობა“, შეღწევა ერის ღირსების შელახვასთან არის ასოცირებული; ან მეტაფორებს, რომლებშიც რომელიმე პატარა ერი პასიურ პროსტიტუტ ქალად არის წარმოდგენილი დიდი დამპყრობლის წინაშე. 
  • ქალები, როგორც სამხედრო მოქმედებების მონაწილეები: მიუხედავად იმისა, რომ ომებისა თუ პოლიტიკური ბრძოლების ნარატივებიდან ქალთა გამოცდილება ხშირად მთლიანად წაშლილია, სამხედრო მოქმედებები გენდერულად დიფერენცირებულ ზეგავლენას ახდენენ ქალებსა და კაცებზე. გენდერირებულია ქალის, როგორც დევნილის, გამოცდილება; ომი სექსუალური ძალადობის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის ქალებს; ომის დროს ქალებს ეკისრებათ ყოველდღიური რუტინის გაგრძელების ფუნქცია.

ნაციონალისტურ იდეოლოგიებში, ძირითადად, ქალის როლი დედობასთან და ეროვნულობის შენარჩუნებასთან ასოცირდება, ხოლო კაცი წარმოდგენილია, როგორც დამცველი, მებრძოლი და გმირი.

ქალისა და კაცის როლების ამგვარ კონსტრუქციასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაციონალისტური იდეოლოგიების ორგანული კავშირი ჰომოფობიურ დისკურსთან. ჰეტეროსექსუალობა ეროვნულ ვალად ცხადდება (როგორც ერის სხეულის რეპროდუქციისთვის აუცილებელი), ჰომოსექსუალი, ლესბოსელი და სხვა არაჰეტეროსნორმატიული იდენტობების მქონე ადამიანები კი „სხვად“, ეროვნული სხეულისათვის უცხო დანამატებად მოიაზრება. თანამედროვე ნაციონალისტურ იდეოლოგიებში განსაკურებით დიდ ადგილს იკავებს ამ ტიპის პოლიტიკური ჰომოფობია, რომელიც ჰეტერონორმატიულობას ეროვნული კოლექტივის მიმართ მიკუთვნებულობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობად წარმოაჩენსა და არაჰეტეროსექსულური ადამიანების არსებობას საგარეო საფრთხეებთან აკავშირებს.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

McClintock, A. (1993), Family Feuds: Gender, Nationalism and the Family. In Feminist review N44, Nationalisms and National Identities. Palgrave Macmillan Journals: 61-88

Mosse, G. (1985), Nationalism and Sexuality: Middle Class Morality and Sexual Norms in Modern Europe. Madison, University of Wisconsin Press.

Yuval-Davis, N. (1998), Gender and Nation in Wilford R., Miller L.R. (eds), Women Ethnicity and Nationalism: The politics of transition, London, Routledge

კატეგორია: 
ავტორები: