პოლიტიკის მოძრაობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Policy Movement

მთელი XX საუკუნის განმავლობაში პოლიტიკის ანალიზში “საკანონმდებლო მოდას”, ძირითადად, განსაზღვრავდა შეერთებული შტატები, სადაც ანალიტიკურ პროდუქციაზე მოთხოვნა ორგანულად ემთხვეოდა საუნივერსიტეტო და თეორიული წრეებისგან შემოთავაზებულ წინადადებებს. ჯერ კიდევ რუზველტის “ახალი კურსის” წლების პერიოდში ქვეყანაში გაჩნდა რამდენიმე სახელმწიფო სააგენტო, რომლებიც სახელმწიფო პოლიტიკის ცალკეული მიმართულებების ინტელექტუალური დასაბუთების უზრუნველყოფას ემსახურებოდნენ. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, იზრდება ინტერესი და ჩნდება მოთხოვნილება ანალიტიკურ პროდუქციაზე (ე.წ. ოპერაციების კვლევა და ქსელური გეგმა-გრაფიკები) ისეთ სფეროებში, როგორებიცაა  სამხედრო დაგეგმარება და სახელმწიფო მართვა, ასევე სამხედრო-პოლიტიკური პროპაგანდა და საზოგადოებრივი ცნობიერებით მანიპულირება. მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ში ამ სფეროებში დაკავებული იყვნენ პოლიტიკის ცნობილი მკვლევრები - გაბრიელ ალმონდი და ჰერბერტ ლასუელი.

კიდევ უფრო ფართო გაქანება ჰპოვა პოლიტიკის ანალიზმა უკვე ომის შემდგომ პერიოდში, რაც მეტწილად სსრკ-სთან ბირთვული წინააღმდეგობით იყო განპირობებული. აშშ-ში დაიწყო სახელმწიფო ანალიტიკური ცენტრების - “ტვინის ტრესტებისა” (brain trusts) და “აზრის ფაბრიკების” (think tanks) ჩამოყალიბება. 1948 წელს დაფუძნდა რენდ კორპორეიშენი (Rand Corporation), რომელმაც სამხედრო-საჰაერო ძალების სამინისტროსგან მაშინვე მიიღო დაკვეთა რიგი თავდაცვითი პროექტების შესამუშავებლად. აქვე უნდა აღვნიშნოთ, ის ფაქტიც, რომ სწორედ Rand Corporation-ში შემუშავდა მსოფლიოში პირველი სახელმძღვანელოები პოლიტიკის ანალიზში. ცოტა მოგვიანებით გაჩნდა ფონდი “მემკვიდრეობა” (Haritage Foundation), ურბანული ინსტიტუტი (Urban Institue), კატოს ინსტიტუტი (Cato Institute) და სხვა კვლევითი და სამეცნიერო დაწესებულებები. შედეგად, 1960-იანი წლების ბოლოსთვის შეერთებულ შტატებში უკვე ჩამოყალიბებული იყო პოლიტიკის ანალიზის მთელი ინდუსტრია, (უმეტესწილად, არასახელმწიფო სექტორში), რომელმაც საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა პოლიტიკურ-ანალიტიკური მეთოდოლოგიისა და ტექნიკების, სამეცნიერო ინსტრუმენტარიის შემუშავებაში.

ამ თეზისის ილუსტრირებისთვის საკმარისია თუნდაც იმ ფაქტის მოყვანა, რომ Rand Corporation-ის ბაზაზე ჩამოყალიბდა ისეთი მეთოდიკები, როგორებიცაა სისტემა “პროგრამირება-დაგეგმარება-ბიუჯეტირება” (PPBS — “Programming - Planning - Budgeting System”), დელფოსის ჯგუფური და ინტერაქციული საექსპერტო შეფასების სისტემა, ასევე ანალიტიკური მეთოდიკების მთელი კომპლექტი ხარჯთსარგებლისა და ხარჯთეფექტიანობის ანალიზის ჩათვლით. ამ მოძრაობამ თავისებური სახელი – “ანალიტცენტრისტული მოძრაობაც” კი შეიძინა.

ანალიტცენტრისტული მოძრაობის სუსტ მხარეებად მისი აშკარად გამოხატული ტექნოკრატიზმი, მათემატიკური მოდელებით “ზედმეტი გატაცება” მიიჩნევა, რაც პოზიტივისტური სკოლის გავლენით აიხსნება. სოციალურ მეცნიერებათა წარმომადგენლების გარდა, ანალიტიკურ ცენტრებში მოღვაწეობდა არაერთი მათემატიკოსი, ინჟინერი და სხვა დარგის წარმომადგენელი, რომლებმაც პოლიტიკის ანალიზში შემოიტანეს კვლევის არა მარტო მკაცრი ფორმალიზებული მეთოდები და ტექნიკები, არამედ ამ დარგებისთვის დამახასიათებელი სამეცნიერო აზროვნების სტილიც. ცნება ანალიზი ტექნოკრატების მიერ მოიაზრებოდა მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით, რაც საკვლევი ობიექტის შემადგენელ ელემენტებად დაშლა-დანაწილებაში მდგომარეობდა. შედეგად, პოლიტიკის ანალიზი აქსიოლოგიური შეფასებების მიმართ სრულიად გულგრილი აღმოჩნდა. ანალიტიკურ მუშაობაში იგნორირებული იყო ღირებულებითი და მორალური კრიტერიუმები, ისევე როგორც სოციალურ-პოლიტიკური გარემოს გავლენა მმართველობითი პროცესის ანალიზის დროს. ამ ნაკლოვანებების დაძლევა მხოლოდ შემდგომ პერიოდში, ძირითადად, ბიჰევიორიზმის გავლენით მოხერხდა. დღეს პოლიტიკის ანალიზი აქსიოლოგიური შეფასებების გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: