პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა)

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Posttraumatic Stress Disorder (PTSD)

DSM-5-ში გაერთიანებულია ტრავმასთან და სტრესთან დაკავშირებულ აშლილობათა ჯგუფში და ხასიათდება ტრავმული მოვლენის მუდმივად განმეორებადი განცდით — შემაწუხებელი მოგონებების, სიზმრების, ჰალუცინაციების და დისოციაციური „გამონათებების“ სახითვითარდება გაუპატიურების, სიცოცხლისთვის საშიში მოვლენების, ძლიერი დასახიჩრების ან ბუნებრივი კატასტროფების საპასუხოდ.

პტსა პირველად 1980 წელს გამოჩნდა DSM-III-ში, მაგრამ მას გაცილებით დიდი ისტორია აქვს. 1666 წელს ბრიტანელი მემატიანე სამუელ პეპისი ლონდონის დიდი ხანძრის მოწმე გახდა, რომლის შედეგადაც ბევრი ადამიანი დაიღუპა, ქონება განადგურდა და ქალაქი დროებითმა ქაოსმა მოიცვა. პეპისი ისეთ მოვლენებს აღწერს ამ დროიდან, რომელიც დღესაც აქტუალურია. იგი არ გაქცევია ამ საშინელ ნგრევასა და მის შედეგებს. ხანძრიდან ექვსი თვის შემდეგ მან დაწერა: „ძალიან უცნაურია, რომ დღესაც კი მიჭირს ღამით დაძინება და ვერ ვიძინებ ისე, რომ ხანძრის საშინელებები არ გამახსენდეს. წუხელ თითქმის ღამის ორ საათამდე ვერ დავიძინე და სულ ხანძარზე მეფიქრებოდა“ (Daly, 1983, გვ. 66, ციტირებულია Barlow & Durand, 2014). DSM-5-ის კრიტერიუმებში მოცემულია, რომ ძილთან დაკავშირებული სირძნელეები და განმეორებითი ინტრუზიული სიზმრები მოვლენის შესახებ პტსა-ის გამორჩეული მახასიათებლებია. პეპისმა, ასევე, აღწერა ის დანაშაულის განცდა, რომელსაც იმის გამო, განიცდიდა, რომ თავად და მისი ქონება გადაურჩა იმ საშინელ ხანძარს, სხვები კი — ვერა. მას გაუცხოების შეგრძნება და ხანძართან დაკავშირებული ემოციების გაშეშებაც აღენიშნებოდა, რაც ასევე ჩვეულია პტსა-ისთვის.

კლინიკურიაღწერა

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (პტსა) არსებითი მახასიათებელია ერთ ან მეტი ტრავმული მოვლენის შემდეგ დამახასიათებელი სიმტომების განვითარება. პტსა შეიძლება სხვადასხვაგვარად ვლინდებოდეს. ზოგ ინდივიდთან შიშთან დაკავშირებული გამოცდილება, ემოციური და ქცევითი სიმტომები შეიძლება დომინირებდეს, სხვებთან კი ანჰედონიური ან დისფორიული გუნება-განწყობილება და ნეგატიური კოგნიციები უფრო მეტი დისტრესის გამომწვევი შეიძლება იყოს. არიან ადამიანები, რომლებთანაც აგზნებისა და რეაქციის ექსტერნალიზაციის სიმტომები სჭარბობენ, ზოგთან კი — დისოციაციის სიმტომები. ასევე, ზოგ ადამიანს სიმტომთა ამ პატერნების კომბინაცია შეიძლება ჰქონდეს.

უშუალოდ განცდილ ტრავმულ გამოცდილებათა რიცხვში შედის საომარი მოქმედებები (როგორც სამხედრო ან სამოქალაქო პირი), ფიზიკური დაზიანების საფრთხე ან რეალური დაზიანება (მაგალითად, ფიზიკური თავდასხმა, ყაჩაღობა, ძარცვა, ბავშვობაში გადატანილი ფიზიკური ძალადობა), მუქარა ან რეალური სექსუალური ძალადობა (მაგალითად, იძულებითი აქტი, ალკოჰოლის/ნარკოტიკების ზემოქმედების პირობებში განხორციელებული პენეტრაცია, ძალადობრივი სქესობრივი კონტაქტი, უკონტაქტო სექსუალური ძალადობა, სექსუალური ტრეფიკინგი), გატაცება, მძევლად აყვანა, ტერორისტული აქტი, წამება, სამხედრო ტყვეობა, სტიქიური ან ადამიანის მიერ გამოწვეული უბედურებები და მძიმე ავტოსაგზაო შემთხევა. ბავშვების შემთხვევაში სექსუალურად ძალადობრივი მოვლენები შეიძლება იყოს განვითარების ეტაპისთვის შეუსაბამო სექსუალური გამოცდილება ფიზიკური ძალადობის ან დაზიანების გარეშე. არ არის აუცილებელი, რომ სიცოცხლისთვის საშიში დაავადება ან დამაუძლურებელი სამედიცინო მდგომარეობა ტრავმულ მოვლენად ჩაითვალოს. სამედიცინო შემთხვევები, რომლებსაც ტრავმული მოვლენა შეიძლება ეწოდოთ, შეიძლება იყოს უცაბედი, კატასტროფული მოვლენები (მაგალითად, ოპერაციის დროს გამოღვიძება, ანაფილაქსიური შოკი). ასევე, ტრავმული  შეიძლება გახდეს ისეთი მოვლენები, რომელთა თვითმხილველიც ხდება ინდივიდი, როგორებიცაა სერიოზული დაზიანება ან დაზიანების საფრთხე, არაბუნებრივი სიკვდილი, სხვა ადამიანზე ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა, ოჯახური ძალადობა, უბედური შემთხვევა, ომი ან სტიქიური უბედურება, საკუთარი შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო კატასტროფა (მაგალითად, სიცოცხლისთვის საშიში სიმსივნე). ინდივიდმა შეიძლება უბრალოდ მოისმინოს პოტენციური ტრავმული  მოვლენების შესახებ და ეს შეიძლება იყოს ამბები, რომლებიც ახლო ნათესავებს ან მეგობრებს შეემთხვათ, მაგალითად, ძალადობის ან უბედური შემთხვევები (მაგალითად, აქ არ შედის ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული სიკვდილი). ეს შეიძლება იყოს ძალადობრივი პიროვნული შეურაცხყოფა, სუიციდი, სერიოზული ინცინდენტი ან დაზიანება. აშლილობა განსაკუთრებით მძიმე ან ხანგრძლივი შეიძლება აღმოჩნდეს, როცა სტრესორი ინტერპერსონალური და ინტენციურია (მაგალითად, წამება, სექსუალური ძალადობა).

ტრავმული მოვლენა სხვადასხვაგვარად შეიძლება განიცადოს ადამიანმა ხელმეორედ. როგორც წესი, ინდივიდს მოვლენის განმეორებითი, უნებლიე და ინტრუზიული მოგონებები უტივტივდება გონებაში. ეს განსვავდება დეპრესიული რუმინაციისგან იმით, რომ მხოლოდ დისტრესის გამომწვევ უნებლიე და ინტრუზიულ მოგონებებს შეეხება. აქ ხაზგასმულია განმეორებადი მოგონებები მოვლენის შესახებ, რომელიც, ჩვეულებრივ, მოიცავს სენსორულ, ემოციურ ან ფიზიოლოგიურ ქცევით კომპონენტებს. სიმტომის ასეთი ხელახალი განცდა, როგორც წესი, დისტრესის გამომწვევის სიზმრების სახით ხდება, რომელშიც თავად მოვლენა მეორდება ან თემატურად უკავშირდება ძირითად საფრთხეს, რომელსაც ტრავმული მოვლენა მოიცავდა. ინდივიდი, შესაძლოა, დისოციაციურ მდგომარეობაში იყოს, რომელიც რამდენიმე წამიდან რამდენიმე საათამდე ან დღმდეც კი შეიძლება გრძელდებოდეს. ამ დროს ინდივიდი მოვლენის კომპონენტებს თავიდან განიცდის (თავიდან ცხოვრობს ამ მოვლენაში) და ისე იქცევა, თითქოს იმ ამბავი იმ წუთს ხდებოდეს. ასეთი ხელახალი განცდების ინტენსივობა მნიშვნელოვნად ვარირებს. ეს შეიძლება იყოს ხანმოკლე ვიზუალური ან სხვა სენსორული მოდალობის ინტრუზიები ტრავმული მოვლენის ნაწილის შესახებ რეალობის განცდის დაკარგვის გარეშე, ან აწმყოში რეალური გარემოს განცდის სრული დაკარგვა. ასეთი ეპიზოდები, რომლებსაც „ფლეშბექებს“ უწოდებენ, ჩვეულებრივ, ხანმოკლეა, მაგრამ გახანგრძლივებულ დისტრესთან და მომატებულ აგზნებასთან შეიძლება ასოცირდებოდეს. პატარა ბავშვებში ტრავმასთან დაკავშირებული მოვლენები გაცოცხლება თამაშში ან დისოციაციური მდგომარეობების სახით შეიძლება გამოვლინდეს. ინტენსიური ფსიქოლოგიური დისტრესი ან ფიზიოლოგიური რეაქტიულობა ხშირია, როცა ინდივიდი აღმძვრელი მოვლენის წინაშე აღმოჩნდება, რომელიც აგონებს ან სიმბოლურად გამოხატავს ტრავმული მოვლენის რომელიმე ასპექტს (მაგალითად, ქარიანი დღეები ქარიშხლის შემდეგ, თვითმფრინავის ხმა დაბომბვის შემდეგ). აღმძვრელი მიმნიშნებელი შეიძლება იყოს ფიზიკური შეგრძნება (მაგალითად, თავის ტრავმაგადატანილი ადამიანისთვის თავბრუსხვევა, ტრავმირებული ბავშვისთვის სწრაფი გულისცემა), განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კარგად გამოკვეთილი სომატური სიმტომები აქვთ.

ინდივიდები ტრავმასთან ასოცირებულ სტიმულს მდგრადად (ყოველთვის ან თითქმის ყოველთვის) არიდებენ თავს. ისინი, როგორც წესი, ცნობიერად ცდილობენ, თავი აარიდონ ტრავმული მოვლენის შესახებ აზრებს, მოგონებებს, გრძნობებს ან საუბარს (მაგალთად, არიდების ტექნიკებს იყენებენ) და ისეთ აქტივობებს, საგნებს, სიტუაციებს ან ადამიანებს, რომლებიც მათ გახსენებას უწყობენ ხელს.

მოვლენასთან დაკავშირებული კოგნიციების ან გუნება-განწყობილების ნეგატიური შეცვლა ამ მოვლენის წარდგენისას იწყება ან უარესდება. ეს ცვლილებები სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, მათ შრის, ტრავმული მოვლენების მნიშვნელოვანი ასპექტების გახსენების უუნარობა. ასეთ ამნეზიას, ჩვეულებრივ, დისოციაციური ამნეზია იწვევს და არა თავის დაზიანება, აკლკოჰოლი ან ნარკოტიკები. სხვა ფორმაა მდგრადი (ყოველთვის ან თითქმის ყოველთვის) და გაზვიადებული ნეგატიური მოლოდინები ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ საკუთარ თავთან, სხვებთან ან მომავალთან მიმართებით (მაგალთად, „ყოველთვის ცუდად ვმსჯელობ“, „ავტორიტეტულ ადამიანებს ვერ ენდობი“), რომლებიც ტრავმის შემდეგ აღქმულ იდენტობაში უარყოფით ცვლილებებს ასახავენ. პტსა-ის მქონე ინდივიდებს, შესაძლოა, აღენიშნებოდეთ მდგრადი მცდარი კოგნიციები ტრავმული მოვლენის მიზეზების შესახებ, რომლებსაც ისინი საკუთარი თავის ან სხვების დადანაშაულებამდე მიყჰავთ (მაგალითად, „ჩემი ბრალია ბიძაჩემი რომ ძალადობდა ჩემზე“). მდგრადი ნეგატიური გუნება-განწყობილება (მაგალითად, შიში, საშინელების განცდა, რისხვა, დანაშაულის განცდა, სირცხვილი) იწყება ან უარესდება მოვლენის წარდგენის შემდეგ. ინდივიდს, შესაძლოა, შესამჩნევად ნაკლებად აინტეერსებდეს მანამდე სიამოვნების მომგვრელი აქტივობები, სხვა ადამიანებისგან გარიყულად ან გაუცხოებულად გრძნობდეს თავს, ან არ შეეძლოს დადებითი ემოციების (განსაკუთრებით, ბედნიერების, სიხარულის, დაკმაყოფილების ან ინტიმურობასთან, სინაზესთან და სექსუალობიასთან დაკავშირებული ემოციების) განცდა.

პტსა-ის მქონე ინდივიდები ფეთქებადები არიან და სწრაფად შეიძლება გადავიდნენ აგრესიულ ვერბალურ და/ან ფიზიკურ ქცევაზე ყოველგვარი პროვოკაციის ან მცირეოდენი საბაბის მიცემის შემთხვევაშიც კი. მათ საკუთარი თავისთვის საზიანო და რისკიანი ქცევებიც შეიძლება განახორციელონ, მაგალითად, სწრაფად იარონ მანქანით, ჭარბად მოიხმარონ ალკოჰოლი ან ნარკოტიკები, თავი დაიზიანონ ან მოიკლან კიდეც. პტსა-ის ხშირად ახასიათებს მომატებული მგრძნობელობა პოტენციური საფრთხეებისადმი, მათ შორის ტრავმულ გამოცდილებასთან დაკავშირებული და დაუკავშირებელი საფრთხეებისადმი. ისინი მძაფრად რეაგირებენ მოულოდნელ სტიმულაციაზე, უცბად მობილიზდებიან, ხტიან ხმამაღლა ბგერებზე ან მოულოდნელ მოძრაობაზე (მაგალითად, შეიძლება შეხტნენ ტელეფონის ზარზე). აღენიშნებათ კონცენტრაციის სირთულეები, უჭირთ ყოველდღიური ამბების გახსენება. დამახასიათებელია ჩაძინების და უწყვეტი ძილის პრობლემები, ღამის კოშმარები და უსაფრთხოებაზე ღელვა, როგორც წესი, ხელს უშლით ძილში. ასევე, ზოგ ადამიანს ახასიათებსმდგრადი დისოციაციური სიმპტომები, როცა თითქოს შორდებიან საკუთარ სხეულს (დეპერსონალიზაცია) ან გარე სამყაროს (დერეალიზაცია). ბავშვებმა შეიძლება ლაპარაკი შეწყვიტონ.

დიაგნოსტიკური კრიტერიუმები

  1. მოსალოდნელი ან რეალური სიკვდილის, სერიოზული დაზიანების ან სექსუალური ძალადობის გამოცდილება ერთი (ან მეტი) გზით:
  1. ტრავმული მოვლენ(ებ)ის უშუალოდ განცდა;
  2. სხვებთან მომხდარი ამ მოვლენ(ებ)ის თვითმხილველად აღმოჩენა;
  3. გაგება, რომ ეს მოვლენ(ებ)ი ახლო ანთესავება ან მეგობრებს გადახდათ თავს. ოჯახის წევრის ან მეგობრის მოსალოდნელი ან რეალური სიკვდილის შემთხვევაში მოვლენ(ებ)ი ძალადობრივი ან უბედური შემთხვევის შედეგი უნდა იყოს;
  4. ტრავმული მოვლენ(ებ)ის ავერსიული დეტალების განმეორებადი ან უკიდურესი გამოცდილება (მაგალითად, ადამიანის ნეშტების მოგროვება, პოლიციის ოფიცრები არაერთგზის ხდებიან ბავშვზე ძალადობის მოწმენი).
  1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ტრავმულ მოვლენასთან ასოცირებული ერთი (ან მეტი) სიმტომის არსებობა მას შემდეგ, რაც ეს მოვლენა მოხდა:
  1. განმეორებადი, უნებლიე და ინტრუზიული, დისტრესის გამომწვევი მოგონებები ტრავმული მოვლენ(ებ)ის შესახებ. ბავშვებში ეს განმეორებადი თამაში სახით შეიძლება გამოვლინდეს;
  2. განმეორებადი დისტრესის გამომწვევი სიზმრები, რომელთა შინაარსი და/ან აფექტი ტრავმულ მოვლენას უკავშირდება;
  3. დისოციაციური რეაქციები (მაგალითად, „ფლეშბეკები“), როცა ინდივიდი ისე იქცევა ან გრძნობს, თითქოს ტრავმული მოვლენ(ებ)ი იმ წუთას ხდებოდეს;
  4. ინტენსიური ან გახანგრძლივებული ფსიქოლოგიური დისტრესი იმ შინაგანი ან გარეგანი მიმნიშნებლების ექსპოზიციის შემდეგ, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავენ ან ჰგვანან ტრავმულ მოვლენას;
  5. შესამჩნევი ფსიქოლოგიური რეაქციები იმ შინაგან ან გარეგან მიმნიშნებლებზე, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავენ ან აგვანან ტრავმულ მოვლენას;
  1. ტრავმულ მოვლენასთან ასოცირებული სტიმულებისთვის თავის მდგრადად არიდება, რაც  ტრავმული მოვლენის შემდეგ ვლინდება:
  1. დისტრესის გამომწვევი აზრებისთვის, მოგონებებისთვის, გრძნობებისთვის ან საუბრისთვის თავის არიდება, ან თავის არიდების მცდელობა;
  2. გარეგანი შემახსენებლებისთვის (ადამიანები, ადგილები, საუბრები, აქტივობები, საგნები, სიტუაციები) თავის არიდება ან თავის არიდების მცდელობა, რომლებიც ტრავმულ ან მასთან ასოცირებულ მოვლენებთან დაკავშირებული დისტრესის გამომწვევ მოგონებებს, აზრებს ან გრძნობებს აღძრავს;
  3. ტრავმის მნიშვნელოვანი ასპექტების გახსენების უუნარობა;
  4. შესამჩნევად შემცირებული ინტერესი ან ჩართულობა მნიშვნელოვან აქტივობებში;
  5. სხვებისგან გარიყულობის ან გაუცხოებულობის განცდა;
  6. აფექტის შეზღუდული დიაპაზონი (მაგალითად, არ შეუძლია სიყვრულის გამომხატველი გრძნობების განცდა);
  7. შემოკლებული მომავლის განცდა (მაგალითად, არ მოელის, რომ კარიერას აიწყობს, ოჯახს შექმნის, ბავშვები ეყოლება და ნორმალურად იცხოვრებს).
  1. ტრავმულ მოვლენასთან დაკავშირებული კოგნიციების და გუნება-განწყობილების ნეგატიური ცვლილებები, რომლებიც იწყება ან უარესდება ტრავმულ მოვლენასთან შეჯახების შემდეგ და ვლინდება ორი (ან მეტი) ქვემოთ ჩამოთვლილი ფორმით:
  1. ვერ იხსენებს ტრავმული მოვლენის მნიშვნელოვან ასპექტს (როგორც წესი, დისოციაციური ამნეზიის შედეგად და არა ისეთი ფაქტორების გამო, როგორებიცაა თავის დაზიანება, ალკოჰოლი ან ნარკოტიკები);
  2. მდგრადი და გაზვიადებული ნეგატიური რწმენები ან მოლოდინები საკუთარი თავის, სხვების ან სამყაროს შესახებ (მაგალითად, „ცუდი ვარ,“ „ვერავის ენდობი,“ „სამყარო სრულიად საშიშია,“ „ჩემი ნერვული სისტემა სამუდამოდ დანგრეულია.“)
  3. მდგრადი დარღვეული კოგნიციები ტრავმული მოვლენ(ებ)ის მიზეზების ან შედეგების შესახებ, რასაც ინდივიდი საკუთარი თავის ან სხვების დადანაშაულებამდე მიჰყავს;
  4. მდგრადი ნეგატიური ემოციური მდგომარეობა (მაგალითად, შიში, საშინელების განცდა, რისხვა, დანაშაულის განცდა ან სირცხვილი);
  5. შესამჩნევად შემცირებული ინტერესი ან ჩართულობა მნიშვნელოვან აქტივობებში;
  6. სხვებისგან გარიყულობის ან გაუცხოების განცდა;
  7. დადებითი ემოციების განცდის მდგრადი უუნარობა (მაგალითად, არ შეუძლია სიხარულის, ბედნიერების, კმაყოფილების, სიყვარულის განცდა);
  1. დარღვევები (B, C, D და E კრიტერიუმები) ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება.
  2. დარღვევა კლინიკურად მნიშვნელოვან დისტრესს ან გაუარესებას იწვევს სოციალურ, სამსახურეობრივ ან ფუნქციონირების სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

დასაწყისი და მიმდინარეობა

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაიწყოს, ცხოვრების პირველი წლიდან მოყოლებული. სიმტომები, ჩვეულებრივ, ტრავმიდან პირველი სამი თვის განმავლობაში ჩნდება, თუმცა, შესალებელია, რამდენიმე თვე ან წელიც კი გავიდეს, ვიდრე მდგომარეობა დიაგნოზის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. თუმცა, ამჟამად არსებობს მტკიცებულება, რომ სიმტომები, როგორც წესი, მალევე ჩნდებიან, ხოლო გადავადებულია კრიტერიუმების დაკმაყოფილება.

ტრავმიდან მალევე მასზე ინდივიდის რეაქცია, ხშირად, მწვავე სტრესული აშლილობის კრიტერიუმებში ჯდება. პტსა-ის სიმტომები და სიმტომების შედარებითი გამოკვეთილობა დროთა განმავლობაში შეიძლება მონაცვლეობდეს. ასევე, ცვალებადია სიმტომების ხანგრძლივობაც. შეიძლება მათი გამოჩენიდან სამ თვეში სრულ გაჯანსაღებას მიაღწიოს ადამიანმა (დაახლოებით ნახევარში ასეც ხდება), ხოლო ზოგი 12 თვის ან მეტი ხნის (50 წლისაც კი) განმავლობაშიც ინარჩუნებდეს არსებულ სიმტომებს. სიმტომების ხელახალი გამოჩენა და გაძლიერება საწყისი ტრავმის გამახსენებელ მოვლენებზე, მიმდინარე ცხოვრებისეულ სტრესორებსა თუ ახლადგანცდილ ტრავმულ მოვლენებზე საპასუხოდ შეინიშნება.

მიზეზები

პტსა ის აშილობაა, რომლის მიზეზი, წინმსწრები მოვლენის სახით მაინც, ცნობილია. ზოგი პირადად განიცდის ტრავმას და ამის შედეგად უვითარდება აშლილობა. თუმცა, განუვითარდება თუ არა პიროვნება პტსა, ძალზე კომპლექსური საკითხია, რომელიც ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებს მოიცავს. ცნობილია, რომ პტსა-ის ეტილოგიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შეურაცხმყოფელი ძალადობის ინტენსიურ ექსპოზიციას, თუმცა მთლიანად არ ხსნის მას.

ინტეგრაციული მოდელის მიხედვით (იხ, სურათი), ადამიანები პტსა-ის განვითარებისადმი გენერალიზებული ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური მოწყვლადობითხასიათდებიან. რაც მეტია მოწყვლადობა, მით მეტია პტსა-ის განვითარების ალბათობა. თუ გარკვეული მახასიათებლები ოჯახში ვრცელდება, მაშინ ნამდვილად მეტია აშლილობის განვითარების ალბათობა. შფოთვის ოჯახური ისტორია პტსა-ისადმი ბიოლოგიურ მოწყვლადობაზე მიუთითებს, თუმცა თითქმის არ არსებობს იმის ემპირიული საბუთი, რომ რომელიმე კონკრეტული გენი იწვევდეს პტსა-ის განვითარებას. ასევე, მოქმედებს გენერალიზებული ფსიქოლოგიური მოწვლადობა, რომელიც ბავშვობის არაპროგნოზირებადი და არაკონტროლირებადი მოვლენების ადრეული გამოცდილებიდან მომდინარეობს. გარდა ამისა, სოციალური ფაქტორებიც თავის როლს ასრულებენ პტსა-ის განვითარებაში. კვლევები აჩვენებს, რომ ძლიერი, მხარდამჭერი სოციალური ქსელი და ირგვლივ მყოფი ადამიანები მნიშვნელოვნად ამცირებენ ტრავმის შემდეგ პტსა-ის განვითარების ალბათობას. როგორც ჩანს, ეს ფაქტორები ინვარიანტულია კულტურიდან კულტურაში, რადგან ადამიანები ყველგან ერთნაირად რეაგირებენ ტრავმაზე.

 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

APA, (2013). DSM-5TM, Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, 5th edition. Americal Psychiatric Assosiation, Washington, DC; London, England.

Barlow, D., H., and Durand, V. M. (2014). Abnormal Psychology: An Integrative Approach, 7th ed. Cengage Learning.

კატეგორია: 
ავტორები: