ფსიქომეტრია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Psychometrics

ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც გონებრივი შესაძლებლობების ტესტირებაში სპეციალიზირდება.

ტერმინი ბერძნული სიტყვებიდან მოდის: psyche — „სუნთქვა“, სიცოცხლე, სული ან გონება და metron — გაზომვა. ტერმინი, ძირითადად, ფსიქოლოგიური თეორიისა და გონებრივი შესაძლებლიბების გაზომვის ტექნიკის აღსანიშნად გამოიყენება. მაშასადამე, თანამედროვე ფსიქომეტრიას ფსიქოლოგიური გაზომვისა და ტესტირების თეორიული საკითხებიც აინტერესებს და პრაქტიკულიც.

მართალია, ფსიქოლოგიური გაზომვის პირველ პრაქტიკას ჩვენს წელთაღწიცხვამდე 2200 წლამდე შეგვიძლია გავადევნოთ თვალი, როდესაც ანტიკურ ჩინეთში საჯარო სამსახურში კადრების მიღებისას ტესტირება ტადრდებოდა, თანამედროვე ფსიქომეტრიული პრაქტიკა ფრენსის გალტონის (Frances Galton) სახელს უკავშირდება.  მან 1884 წელს, ლონდონში მოწყობილ ჯანმრთელობის საერთაშორისო გამოფენაზე სათავე დაუდო თავის ლაბორატორიას, რომელშიც ფიზიკური და ქცევითი მახასიათებლების გაზომვა დაიწყო. მონაცემების შეგროვებასთან ერთად, გალტონი ცვლადებს შორის მიმართების შეჯამებასაც ახდენდა. სწორედ ამ პროცესში განავითარა კორელაციის თანამედროვე კონცეფცია. ფსიქომეტრიაში ოთხი ძირითადი მიმართულებით მუშაობენ, ესენია: სანდოობა, ვალიდობა, დებულებების ანალიზი და ნორმირება. თითოეული მიმართულებით არსებობს როგორც თეორიული ახსნები, ისე — კარგად აპრობირებული პრაქტიკული ინსტრუმენტები.

სანდოობა

სანდოობა საზომის/ინსტრუმენტის კონსისტენტურობას შეეხება. ის გვიჩვენებს,  რამდენად არის გაზომვისას მიღებული ინდივიდუალური განსხვავებები გასაზომი მახასიათებლის მიხედვით არსებული „ჭეშმარიტი“ განსხვავებები ან შემთხვევითი შეცდომა. სანდოობის კლასიკური თეორიის მიხედვით, ტესტში მიღებული ქულები ორ დამოუკიდებელ კომპონენტად — რეალურ ქულად და შეცდომად — შეიძლება დაიყოს. საზომის ეს კონსისტენტურობა, როგორც წესი, ოპერაციონალიზირებულია, როგორც ტესტის დებულებებს შორის ჰომოგენურობა ან შინაგანი შეთანხმებულობის სანდოობა, ალტერნატიული ფორმების სანდოობა, ტესტ-რეტესტის სტაბილობა ან შემფასებელთა შორის თანხმობის სანდოობა. როგორც შინაგანი შეთანხმებულობა, ისე ალტერნატიული ფორმების სანდოობა, თავის მხრივ, შინაარშის შერჩევას უკავშირდება. სხვა სიტყვებით, გვიჩვენებს, რამდენად ასახავს ტესტის დებულებები იმ მთლიან შინაარსს, რომლიდანაც მოხდა მათი შერჩევა.

შინაგანი შეთანხმებულობა ტესტის ერთჯერადი მიწოდებით გამოითვლება და ტესტის დებულებებს შორის საშუალო კორელაციას ეფუძნება. შინაგანი შეთანხმებულობის სიდიდის სტატისტიკური საზომებია შუაზე გახლეჩვის სანდოობა, კუდერ-რიჩარდსონის 20, კუდერ-რიჩარდსონ 21 და ალფა კოეფიციენტი.

ალტერნატიული ფორმების სანდოობა ერთისა და იმავე ტესტის პარალელური ფორმების ადმინისტრირებას ეფუძნება და კორელაციის კოეფიციენტის გამოყენებით გამოითვლება. თუ პარალელური ფორმები ერთდროულად მიეწოდებათ კვლევის მონაწილეებს, მაშინ სანდოობის დაბალი მაჩვენებელი შინაარსის შერჩევას მიეწერება, ხოლო თუ ორი ფორმის მიწოდება გარკვეული დროის შუალედით ხდება, მაშინ სანდოობის დაბალ მაჩვენებელს ან გაზომვის შეცდომას ორი მიზეზი აქვს: შინაარსისა და დროის შერჩევა.

ტესტ-რეტესტული სანდოობა დროის სხვადასხვა მომენტში ერთისა და იმავე ტესტის ერთ და იმავე მონაწილეებისთვის ორჯერ ადმინისტრირებით გამოითვლება. ორი გაზომვით მიღებულ შედეგებს შორის კორელაცია გვიჩვენებს სანდოობას, ხოლო დაბალი სანდოობა დროის შერჩევას მიეწერება.

დამკვირვებელთა შორის სანდოობა ისეთ სიტუაციებში ითვლება, როცა ობიექტებს ან პიროვნებებს ერთზე მეტი შემფასებელი აფასებს. სანდოობის ამ ფორმის რაოდენობრივი გამოსახულებებია კორელაციის კოეფიციენტი და კოენის კაპა სტატისტიკა.

ვალიდობა

თუ სანდოობა საზომის კონსისტენტურობას შეეხება, ვალიდობა ფოკუსირდება იმაზე, თუ რა და რამდენად კარგად იზომება. ვალიდობის სამი ძირითადი სახეობაა შინაარსის ვალიდობა, კრიტერიუმის ვალიდობა და კონსტრუქტის ვალიდობა. ვალიდობის ეს ნაირსახეობები მეტ-ნაკლებად ფარავს ერთმანეთს და არ არის აუცილებელი, რომ ერთმანეთისგან განცალკევებულად განვიხილოთ.

შინაარსის ვალიდობა გვიჩვენებს, რამდენად რეპრეზენტაციულად არის არჩეული ტესტის დებულებების შინაარსი გასაზომი მახასიათებლის თეორიულად განსაზღვრული შინაარსიდან.  შინაარსის ვალიდობას, როგორც წესი, ექსპერტები აფასებენ, რომლებიც კარგად იცნობენ საკვლევ სფეროს.

კრიტერიმის ვალიდობა შეეხება იმას, რამდენად კარგად შეესაბამება ტესტის ქულები სხვა კონკრეტული კრიტერიუმის საზომს ანუ საკვლევის ფსიქოლოგიური თვისების სხვა ინდექსს. კრიტერიუმი შეიძლება იყოს პოსტდიქტური, კონკურებული ან პრედიქტული (ანუ წარსული, აწმყო ან მომავალი, შესაბამისად), ვალიდობა კი, ჩვეულებისამებრ, კორელაციის კოეფიციენტის გამოყენებით გამოითვლება.

კონსტრუქტის ვალიდობა მიუთითებს, რამდენად კარგად ზომავს მოცემული ტესტი იმ მახასიათებელს, რომლის გაზომვასაც ისახავს მიზნად. კონსტრუქტული ვალიდობა, ერთი შედეგის ნაცვლად, სხვა რელევანტურ და არარელევანტურ საზომებთან მიმართებების განხილვის საფუძველზე ფასდება. თუ საზომი მნიშვნელოვნად კორელირებს იმავე ფსიქოლოგიური მახასიათებლის სხვა ინდექსებთან (ანუ აქვს კონვერგენტული ვალიდობა) და არ არის კავშირში გარეშე მახასიათებლების სხვა მაჩვენებლებთან (ანუ აქვს დისკრიმინანტული ვალიდობა), ვასკვნით, რომ მოცემული საზომი/ინსტრუმენტი ავლენს კონსტრუქტის ვალიდობას. კონსტრუქტის ვალიდობა ვალიდობის შედარებით ზოგადი ფორმაა და ხშირად მიიჩნევენ, რომ თავის თვში მოიცავს შინაარსისა და კრიტერიუმის ვალიდობას.

დებულების ანალიზი

დებულების ანალიზი არის პროცედურების ერთობლიობა, რომელიც ფსიქოლოგიურ ინსტრუმენტში ან ტესტში შემავალი ცალკეული დებულებების სტატისტიკური ღირსებების შესაფასებლად არის მოწოდებული. ეს პროცედურები დიდი რაოდენობით დებულებების ერთობლიობიდან მოცემული ტესტისთვის დებულებების შესარჩევად ან უკვე შედგენილ ტესტში შემავალი დებულებების შესაფასებლად შეიძლება, გამოვიყენოთ. ანალიზი შეიძლება ითვალისწინებდეს იმ ინდივიდების წილს, რომელთაც დებულებაზე გარკვეული პასუხი გასცეს. ამით შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ თითოეულ დებულებას ადეკვატური დისპერსია აქვს და, მაშასადამე, შეუძლია ტესტის ქულებთან ასოცირებულ დისპერსიაში თავისი წილი წვლილის შეტანა. ტესტის შინაგანი შეთანხმებულობის გაზრდის მიზნით, ხშირად ითვლიან ტესტის ჯამურ ქულასა და დაბულების პასუხებს შორის კორელაციას და ამის საფუძველზე ირჩევენ ტესტში ჩასართველ დებულებებს. დებულებაზე გაცემულ პასუხებსა და კრიტერიუმის საზომზე მიღებულ ქულებს შორის კორელაციაზე დაფუძნებულმა დებულებების ანალიზმა და შერჩევამ შეიძლება, ტესტის კრიტერიუმის ვალიდობის გამყარებას შეუწყოს ხელი. გარდა ამ ფართოდ გავრცელებული პროცედურებისა, ფაქტორულ ანალიზსა და დებულებაზე პასუხის უფრო დახვეწილ მეთოდებსაც იყენებენ.

ნორმირება

ვინაიდან კონკრეტული ობიექტების ან ინდივიდების ქულებს მოცემულ ინსტრუმენტზე, ან ტესტზე თავისთავად არანაირი მნიშვენლობა არა აქვს, ქულის ინტერპრეტაციისათვის საჭიროა ქულათა განაწილების შესადარებელ ჯგუფთან დაკავშრება. ნორმირება მოიცავს გაზომვის შედეგების ან ტესტის ქულების განაწილების შეგროვებას გარკვეულ რეპრეზენტაციულ შერჩევაში, რომელსაც შემდგომში შევადარებთ კონკრეტული გაზომვის შედეგად მიღებულ ქულას. ნორმატიული მონაცემების შეგროვების შემდეგ შესაძლებელი ხდება ცალკეული ნედლი ქულის ინტერპრეტირებად სკალაზე გადაყვანა, რომელიც ამ გარდაქმნილ/ტრანსფორმირებულ ქულას გარკვეულ მნიშვნელობას მიანიჭებს. ტრანსფორმაცია შეიძლება იყოს წრფივი და არაწრფივი, ხოლო შედეგად მიღებული, ფართოდ გამოყენებული სკალებია პროცენტილები, სტანდარტული ქულები, T ქულები და სტანაინები.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. VI.

კატეგორია: 
ავტორები: