აღდგენა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Retrieval

შენახული ინფორმაციის მეხსიერებიდან ცნობიერებაში ამოტანა.

მეხსიერების ნებისმიერი ფორმა მოითხოვს სამი სახის მნემურ მოქმედებას: აღბეჭდვას ანუ კოდირებას, შენახვას და აღდგენას. აღდგენა მეხსიერებაში შენახული ინფორმაციის ცნობიერებაში ამოტანა ან მისი გამოყენებაა. მარტივად რომ ვთქვათ, კოდირებას შემოაქვს ინფორმაცია საცავში, შენახვა აკავებს მას მანამ, სანამ საჭირო არ გახდება, ხოლო აღდგენას ამოაქვს ის. აღდგენის პროცესს შეუძლია წამებში უზრუნველყოს ადრე აღბეჭდილი ინფორმაციის მიგნება და ამოტანა.

წარსულში აღქმულისა და განცდილის აღდგენის ორი სახე არსებობს: ნებისმიერი, ანუ აქტიური და უნებლიე, ანუ პასიური. როდესაც ცნობიერად, მოგონების განზრახვით ვეძებთ ჩვენი მეხსიერების ლაბირინთებში წარსულში აღქმულსა და განცდილს და გავიხსენებთ, ამ შემთხვევაში მეხსიერების ნებისმიერ ანუ აქტიურ ფორმასთან გვაქვს საქმე, მაგრამ როდესაც რაიმე საგნის აღქმისას ან წარმოდგენისას უნებლიედ, ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად ამოგვიტივტივდება საგანთან ან მოვლენასთან დაკავშირებული წარმოდგენა, საქმე გვაქვს მოგონების უნებლიე ანუ პასიურ ფორმასთან. აღდგენის ზოგიერთი ფორმაა ასოციაციური მეხსიერება, პერსევერაცია, ცნობა, ნაცნობობის გრძნობა, ენის წვერზე მომდგარი სიტყვის ფენომენი

ასოციაციური მეხსიერება უნებლიე მეხსიერების ერთ-ერთი ფორმაა. ეს არის ორ მოვლენას შორის ისეთი კავშირი, როდესაც ერთის აღქმას ან წარმოდგენას უნებლიედ და დაუყოვნებლივ მოჰყვება მეორე, მასთან დაკავშირებული წარმოდგენის ამოტივტივება; მაგალითად, ეკრანზე ვხედავთ ვარდს და მაშინვე მისი სურნელი გვახსენდება; კითხვაზე, რამდენია ორჯერ ორი, დაუყოვნებლივ ვპასუხობთ „4“; ვხედავთ ელვას და ველით ქუხილს.

პერსევერაცია არის წარსულში აღქმული შინაარსის თავისთავადი და აკვიატებული ამოტივტივება ცნობიერებაში. მეხსიერების ეს ფორმა ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ის ყოველგვარი საგანგებო განზრახვის და საბაბის გარეშე ვლინდება. მაგალითად, მელოდიის ან ლექსის ნაწყვეტის ან სხვა რაიმე მოსმენილი ან წაკითხული შინაარსის მოულოდნელი, აკვიატეული ამოსვლა ცნობიერებაში. მეხსიერების ეს ფორმა დაბალ ფორმად ითვლება, რადგან რეპროდუქცია შემთხვევით ხასიათს ატარებს, ჩვენს ნებაზე არ არის დამოკიდებული და მისგან პრაქტიკულად შეუძლებელია „თავის დაღწევა.“ ის ისევე თავისთავად, შეუმჩნევლად ქრება ჩვენი ძალისხმევის გარეშე ცნობიერებიდან, როგორც ჩნდება.

ნაცნობობის გრძნობა. შემთხვევები, როცა განმეორებით აღქმულის ადრე აღქმულთან გაიგივება ხდება, ცნობის მაღალ ფორმას მიეკუთვნება, მაგრამ ცნობა ყოველთვის არ ვლინდება ასეთი მაღალგანვითარებული ფორმით. არის შემთხვევები, როცა აღქმულ საგანს,პიროვნებას ან სიტუაციას ადამიანი ნაცნობად განიცდის, მაგრამ ვერ ახდენს ადრე აღქმულთან მის გაიგივებას. ასეთ შემთხვევებში ამბობენ, რომ სახეზეა ცნობის შედარებით დაბალი ფორმა, რომელსაც ნაცნობობის გრძნობას უწოდებენ. ნაცნობობის გრძნობას ხშირად დაუკმაყოფილებლობის განცდაც სდევს თან იმის გამო,რომ ვერ მოხერხდა სრული ცნობა. ეს გრძნობა არ „ასვენებს“ ადამიანს, აწვალებს და აიძულებს, გაიხსენოს, სად და როდის ნახა წარსულში ეს ობიექტი. ასეთი მაგალითები ყველას მრავლად მოგვეპოვება გამოცდილებაში.

ენის წვერზე მომდგარი სიტყვის ფენომენი. ზოგჯერ არის სიტუაციები, როცა ვერ ვიხსენებთ რაღაც შინაარსს (უცხო სიტუვას, გვარს, სახელს, ტერმინს), თუმცა დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს შინაარსი ნამდვილად არსებობს ჩვენს მეხსიერებაში, უბრალოდ ამჟამად ვერ ამოგვაქვს ცნობიერებაში. ეს შინაარსი იმდენად კარგად არის შენახული, რომ ყველა სხვა მსგავსი შინაარსების შესახებ ვამბობთ: „ეს ის არ არის.“ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს შინაარსის გაუცნობიერებელ ცოდნასთან, რომლის ამოტანა ცნობიერებაში ამ მომენტისთვის ბლოკირებულია, მაგრამ დავიწყებული არ არის. ამ მოვლენას ცოდნის განცდასაც უწოდებენ. განმეორებითი აღქმის დროს ამ მოვლენის ცნობა ადვილად ხდება. ზოგიერთი ავტორი ენის წვერზე მომდგარი სიტყვის ფენომენს მეხსიერების პარადოქსულ ფორმას უწოდებს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

ფარჯანაძე, დ. (2008). მეხსიერების ფსიქოლოგია. თბილისი. შპს „თათა სოლუშენი“

კატეგორია: 
ავტორები: