ინტერსექციურობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Intersectionality

ინტერსექციური ჩაგვრა ჩაგვრის სხვადასხვა ფორმის გადაკვეთაა. თავდაპირველად, ეს იდეა შავკანიანმა ფემინისტებმა გააჟღერეს, თუმცა ამ ცნებისთვის ეს სიტყვა პირველად კიმბერლი ქრენშოუმ გამოიყენა. შავკანიანი ფემინისტები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ თეთრკანიანი ფემინისტების მიმართ, რომლებიც ძირითად აქცენტს მხოლოდ გენდერის ნიშნით ჩაგვრაზე აკეთებდნენ და არ ითვალისწინებდნენ შავკანიანი ან მშრომელი კლასის ქალების ჩაგვრის თავისებურებებს. ჩაგვრის გასაანალიზებლად აუცილებელია, გავიაზროთ ის სხვა ფაქტორებიც, რომლებიც, გენდერის პარალელურად, გავლენას ახდენენ ადამიანის ცხოვრებაზე. მეორე ტალღის ფემინისტები ცდილობდნენ ხაზი გაესვათ ქალების „საერთო ჩაგვრისთვის“, რაც მიზნად ისახავდა ქალთა შორის სოლიდარობის ჩამოყალიბებას. თუმცა, შავკანიანი ფემინისტის, ბელ ჰუკსის აზრით, „საერთო ჩაგვრის წინააღმდეგ“ ლოზუნგში უგულებელყოფილი იყო ქალებს შორის განსხვავებები და მათი პრობლემების თავისებურებები. ამგვარად, ჰუკსმა ფემინისტები შავკანიანი და მშრომელი ქალების პრობლემებისადმი გულგრილობაში დაადანაშაულა.

თეთრკანიანი ქალები, შავკანიანი კაცები და ჩაგრული ეკონომიკური ფენის წარმომადგენელი კაცები შეიძლება, ერთდროულად იყვნენ ჩაგვრის სუბიექტებიც და ობიექტებიც. მაგალითად, შავკანიანი კაცები ჩაგვრის ობიექტები არიან რასიზმის საფუძველზე, მაგრამ სექსიზმის პირობებში, ისინი მჩაგვრელებადაც შეიძლება მოგვევლინონ. ასევე, თეთრკანიანი ქალები პატრიარქალურ გარემოში ჩაგვრის ობიექტები არიან, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რასასა და ეკონომიკურ სტატუსს, ისინი შეიძლება ექსპლუატატორებად და მჩაგვრელებად მოგვევლინონ. ამგვარად, რასობრივი და კლასობრივი კუთვნილება ქმნის განსხვავებებს ქალების ცხოვრების დონისა და სოციალური სტატუსის მხრივ. რასის, კლასისა და გენდერის გადაკვეთა წარმოშობს ჩაგვრის კომპლექსურ ფორმას.

80-იან წლებში ინტერსექციურობის ცნების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაფართოვდა და მოიცვა ისეთი კატეგორიები, როგორებიცაა სექსუალობა, ეროვნება, რელიგია და ა.შ. ჩაგვრის ინტერსექციურობის წინ წამოწევა მიზნად არ ისახავდა ფემინისტური მოძრაობის დანაწევრებასა და დასუსტებას, პირიქით, სხვადასხვა ჯგუფის პრობლემების აღიარებით და გაჟღერებით, მათი კონსოლიდაციისთვის უნდა შეეწყო ხელი. ოდრე ლორდი (Audre Lorde) წერდა: „ჩვენ გვთიშავს არა ჩვენ შორის არსებული განსხვავები, არამედ ამ განსხვავებების არ აღიარება“.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

bell hooks (1984), Feminist Theory: From Margin to Center, South End Press.

Kimberle Crenshaw (1991), Mapping the Margins: Intersectionality, Identity Politics, and Violence against Women of Color, Stanford Law Review, 43 (6). 

კატეგორია: 
ავტორები: